2023-2025 წლებში საქართველოდან ევროპის სამ ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის შემდეგ ეს ტვირთი ჩვენგან ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და საბერძნეთში გაიგზავნა, ჯამში 170 000 ტონა. ვაჭრობის ამ სქემაში, ძირითადად, სამი კომპანია მონაწილეობს: “ჯეო ლოჯისტიკი”, “ზდ ნავთობის კომპანია” და “რუსთავოილი”. სამივე “ქართული ოცნების” ფრთის ქვეშაა. პარტიას ხან ოფიციალურად სწირავენ თანხას, ხან კი მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ.
სტატია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, გაგრძელებაა ჩვენი გამოძიებისა, რომელიც 2025 წლის დასაწყისში გამოვაქვეყნეთ. მაშინ გიყვებოდით სტატისტიკურ აცდენებსა და აბსურდებზე, რომლის მიზეზი ის იყო, რომ რუსული ნავთობი ევროპაში ქართულად საღდებოდა. ამ ნაწილში კი გაგაცნობთ იმ ქართულ კომპანიებს, რომელიც ამ პროდუქტით ვაჭრობს: თან რუსეთის ეკონომიკის წისქვილზე ასხამს წყალს და თან თავადაც ხეირობს. ჩვენი ექვსთვიანი ჟურნალისტური გამოძიება გიამბობთ ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც მიუთითებს, რომ ამ კომპანიებს რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოში შემოაქვთ, შემდეგ კი ის ევროპაში ან პირდაპირ გააქვთ, ან გადამუშავებული ფორმით.

საქართველოდან ევროპის ქვეყნებში ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი (სასაქონლო კოდი: 2710)
საბოლოოდ, გავიგეთ:
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ ნავთობის და ნავთობპროდუქტების უპრეცენდენტო ექსპორტი წამოიწყო ევროკავშირის ორ ქვეყანაში - ნიდერლანდებსა და საბერძნეთში;
ჩვენი გამოვლენილი გარემოებები მიანიშნებს, რომ სამ ქართულ კომპანიას ნავთობპროდუქტები რუსეთიდან შემოაქვს, მისგან ნაწილობრივ ან სრულად ნაწარმოები ნავთობპროდუქტი კი ევროპაში გააქვს;
2024 წელს ქართულმა მხარემ იყიდა უზბეკურად გასაღებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები - ჯამში, 63 000 ტონა - 61.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
რუსეთიდან იმპორტიორ და ევროპაში ექსპორტიორ კომპანიებს კავშირი აქვთ ოლიგარქ ივანიშვილთან, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან და რუსეთის მაღალჩინოსნებთან;
ნავთობით და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე ქართულმა კომპანიებმა ბიზნესი სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებით წამოიწყეს ან გააფართოვეს.
ამ გამოძიებაზე მუშაობისას გავაანალიზეთ საგარეო ვაჭრობის მონაცემები იმ ტიპის პროდუქტისთვის, რომელთა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეტანაზე რუსეთს სხვადასხვა შეზღუდვები აქვს დაწესებული:
1. ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები (სასაქონლო კოდი: 2709);
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები (სასაქონლო კოდი: 2710);
3. ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები (სასაქონლო კოდი: 2713);
4. დავადგინეთ, რომ მსოფლიოში ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა, უმეტესად, მიმდინარეობს კოდებზე: 2710, 271012, 271019. ამიტომ, გამოძიებაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ ამ სამ კოდს ეხება.
5. იმის დასადგენად, სანქცირებული რუსული ნავთობი საქართველოს გავლით ევროპაში ნამდვილად გადის თუ არა, მონაცემების შეგროვება მოგვიწია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზიდან. ესენია: Ex-trade.geostat.ge - (საქართველოს სტატისტიკის სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალი), Comtradeplus.un.org (გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალი, რომელიც სტატისტიკას საბაჟოებიდან კრებს), Volza.com (აშშ-ის საერთაშორისო ბაზა. მონაცემებს ოფიციალური სტრუქტურებიდან და საბაჟო დეკლარაციებიდან აგროვებს), Importgenius.com (აშშ-ში, შექმნილი საგარეო ვაჭრობის პორტალი, რომელიც მონაცემებს ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნების საბაჟო სტრუქტურებიდან კრებს), Exportgenius.in (ინდოეთში დაფუძნებული საგარეო ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს 60-ზე მეტი ქვეყნის საბაჟოებიდან იღებს). ტანკერების მოძრაობას დავაკვირდით Marinetraffic-ის, Globalfishingwatch-ისა და VesselTracker-ის პლატფორმებზე.
რუსული ნავთობი და ნავთობროდუქტები ნიდერლანდებში? - “ჯეო ლოჯისტიკის” ფარული ტრანზიტი2024 წელს საქართველოდან ნიდერლანდებში ნავთობის და ნავთობპროდუქტების ისტორიაში არნახული ექსპორტი გვქონდა. (სასაქონლო კოდით, 271012) წარსულში ნიდერლანდებთან ამ პროდუქტით არასოდეს ვვაჭრობდით. 2024 წელს კი ერთიანად გავგზავნეთ 60 000 ტონა.
საბოლოოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2025 წლის ნოემბრამდე საქართველოდან ნიდერლანდებში გაიგზავნა 110 000 ტონა, დაახლოებით, 790 000 ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები. მხოლოდ 2024 წელს - 60 000 ტონა, დაახლოებით, 430 000 ბარელი.
ეს ყველაფერი მხოლოდ ერთმა ქართულმა კომპანიამ, შპს “ჯეო ლოჯისტიკმა” მოახერხა. რომლის მეწილეც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შვილის სიმამრია.
“ჯეო ლოჯისტიკს” ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ოფიციალურად, უზბეკეთიდან შემოაქვს. ქართულ და უზბეკურ სტატისტიკაში ამ პროდუქტით ვაჭრობის მონაცემები ერთმანეთს რომ არ დაემთხვა, დავეჭვდით, ნამდვილად “უზბეკური” იყო თუ არა ეს ტვირთი (აქ ვსაუბრობთ 2024 წლის ვაჭრობაზე, რადგან საერთაშორისო ბაზებში 2025 წლის სრული მონაცემები, ჯერჯერობით, ასახული არ არის).
ძიება დავიწყეთ, კვალს დავადექით და ბოლოს, ტვირთის რუსულ წარმომავლობას მივაგენით. ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით, როგორ:
1. უზბეკეთიდან საქართველოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები (სასაქონლო კოდი: 271012) არასოდეს შემოგვიტანია. 2024 წელს კი ერთიანად შემოვიტანეთ 39 200 ტონა;
2. რთულად დასაჯერებელია, რომ უზბეკეთიდან საქართველოში შემოდიოდეს უზბეკეთშივე მოპოვებული ნავთობ და ნავთობპროდუქტები, რადგან ექსპორტისთვის საკმარისი რაოდენობა არც მათ აქვთ. ადგილობრივი წარმოება თვითონაც არ ჰყოფნით. ამერიკული საფინანსო-ანალიტიკური ფირმის, S&P Global-ის მკვლევარი ამბობს, რომ უზბეკეთი შიდა მოხმარებისთვის საჭირო მარაგებს, ძირითადად, რუსეთისგან ივსებს. მაგალითად, 2024 წელს რუსეთიდან შეიტანა 600 000 ტონა ბენზინი. 2022-2023 წლებში კი, ჯამში, 500 000 ტონა. ანუ, უზბეკეთი რუსულ ბენზინზე უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება;

რუსეთიდან უზბეკეთში ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი (სასაქონლო კოდი: 271012)
3. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ უზბეკეთი იმპორტირებულ ნავთობს თავისთვის იტოვებს, ჩვენთან კი ადგილობრივად წარმოებულს გზავნის. თუმცა, ეს ვერსიაც გავაბათილეთ. Volza-ს ბაზაში ვნახეთ, რომ 2024 წელს უზბეკურმა კომპანია SDK GROUP AND-მა რუსული ენერგოგიგანტისგან, “როსნეფტისგან” მიიღო 63 000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები (HS: 271012). მთავარი კი ისაა, რომ სავაჭრო ქვეყნად მითითებულია საქართველო. ანუ, რეალურად, ტვირთი საქართველოდან იყიდეს და ამ ოპერაციის თანხა, 61.4 მლნ აშშ დოლარიც ქართულმა მხარემ გადაიხადა. ეს საქონელი გატარებულია როგორც ტრანზიტი, ან უზბეკეთში დასასაწყობებელი. ესეც მიანიშნებს, რომ “როსნეფტისგან” ნაყიდი ტვირთი უზბეკეთს შიდა მოხმარებისთვის არ უნდოდა.
4. საქართველოს სტატისტიკით, 2024 წელს უზბეკეთიდან ათასობით ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიტანეთ, უზბეკეთი კი ამბობს, რომ ჩვენთან გაცილებით ცოტა გამოუშვა. ეს აცდენა ასე აიხსნება - ქართული საბაჟო ტვირთს უზბეკეთიდან იმპორტში ატარებს, რადგან იქედან დაიძრა. თუმცა, უზბეკეთი მას სტატისტიკაში საერთოდ არ აღრიცხავს, რადგან ეს ტვირთი რუსეთიდან მხოლოდ დროებით მიიღო, დაასაწყობა და ტრანზიტზე გაუშვა. ტრანზიტის პროცესში მყოფი ტვირთი კი სტატისტიკაში არ ფიქსირდება, ეს საერთაშორისო სტანდარტია და ყველა ქვეყანა ასე იქცევა.

უზბეკეთიდან საქართველოში ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი (საქსტატი+Comtradeplus) (სასაქონლო კოდი: 271012)
ეს გარემოებები მეტყველებს, რომ უზბეკეთიდან რუსულ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ნამდვილად ვყიდულობთ. მაგრამ ვინ ყიდულობს მას და შემდეგ სად მიაქვს? “აი, ფაქტმა” იმპორტიორი ასე გამოავლინა:
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს უზბეკეთიდან ჯამში HS 2710 ქოლგა კოდით, 45 000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები სულ ხუთმა კომპანიამ შემოიტანა, ყველამ რკინიგზით. ამ იმპორტის ძირითადი ნაწილი, 39 203 ტონა შემოვიდა სასაქონლო კოდით - 271012, დანარჩენი კი 271019-ით. იმპორტიორები იყვნენ: შპს “ჯეო ლოჯისტიკ”, შპს “სტრადა მოტორსი”, შპს “ტესტა პეტროლიუმი”, შპს “უჯ ლუბრიკანტს” და შპს “ჯორჯიან პეტროლიუმი”.
ჩვენი ყურადღება მიიქცია “ჯეო ლოჯისტიკმა”, რადგან ის უზბეკეთიდან ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. საქსტატის მონაცემების დამუშავებით დავადგინეთ, რომ 271012 კოდით უზბეკეთიდან იმპორტი მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს და ის “ჯეო ლოჯისტიკია”. გამოდის, უზბეკეთიდან 39 000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი მთლიანად მან შემოიტანა.
თუმცა, წავაწყდით ერთ უცნაურობას:
1. “ჯეო ლოჯისტიკი” იმპორტიორად და ექსპორტიორად არ ფიქსირდება არც ერთ საერთაშორისო ბაზაში (Volza, Import Genius, Export Genius). საქსტატში ეს ამბავი ასე აგვიხსნეს - შესაძლოა, ნავთობი და ნავთობროდუქტები უზბეკეთიდან ჩვენს საზღვრამდე მოჰქონდეს უზბეკურ კომპანიას, რომელიც საბაჟოზე დეკლარაციას ვერ შეავსებს, საქართველოში რეგისტრირებული არ არის და იმიტომო. გამოდის, დეკლარაციას ავსებს “ჯეო ლოჯისტიკი”, შესაბამისად, საქართველოში იმპორტიორად ფიქსირდება, უზბეკეთიდან ექსპორტიორად - არა. იგივე სქემა მუშაობს ტვირთის სხვა ქვეყანაში გატანისას.
2. ამ ამბავში “ჯეო ლოჯისტიკს” შესაძლოა ეხმარებოდეს ზემოთ ნახსენები უზბეკური კომპანია SDK GROUP AND, რომელმაც საერთაშორისო ბაზების მიხედვით, 63 000 ტონა რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები უზბეკეთში მიიღო, დროებით დაასაწყობა და ტრანზიტული პროცედურები გაატარა. ამაში კი ფული საქართველოდან გადაუხადეს.
SDK GROUP AND 2009 წელს უზბეკეთში დაფუძნებული კომპანიაა. დირექტორი უზბეკეთის მოქალაქე იუნუსოვ აბდურაშიდ ყურბონბოიევიჩია, მფლობელი კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული Naphtha Group LLC-FZ. 2024 წელს, როცა კომპანიამ რუსული ნავთობი და ნავთობროდუქტები მიიღო, მის საკონტროლო პაკეტს, ბრიტანული კომპანიის გავლით, უზბეკეთის მოქალაქე დილმუროდჟონ სამათოვი აკონტროლებდა. მათი საიტის მიხედვით, SDK GROUP AND ერთ-ერთი პირველი უზბეკური საწარმოა, რომელიც ავტომობილებისთვის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის, ზეთის, ჰაერისა და საწვავის ფილტრებს აწარმოებს.
SDK GROUP AND-ის იმპორტი რუსეთიდან. წყარო: Volza
როგორ ხვდება უზბეკეთიდან წამოსული ნავთობი ნიდერლანდებში?2024 წლის აგვისტოში ყულევის პორტიდან ნიდერლანდებისკენ წავიდა სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი CHEMICAL FIGHTER-ი, რომელიც როტერდამის პორტში სექტემბერში შევიდა და 7 686 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები ჩაიტანა.
ეს ამბავი ადასტურებს, რომ საქართველოდან ევროპაში ნავთობი და ნავთობროდუქტები უპრობლემოდ გაედინება. თუმცა, ვის და საიდან მოაქვს ეს ტვირთი? საწყისი პუნქტი ხომ არაა რუსეთი, რომელსაც ამ საქონლის ევროპაში გატანაზე სანქციები 2022 წლიდან დაუწესდა. დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ “ჯეო ლოჯისტიკი” არის ერთადერთი ქართული კომპანია, რომელსაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები უზბეკეთიდან შემოაქვს და ნიდერლანდებში გააქვს.
ნიდერლანდებში ექსპორტიორობის დასადგენად ბევრი ვიწვალეთ, საქსტატიდან და შემოსავლების სამსახურიდან საჯარო ინფორმაცია ოცზე მეტი წერილით მოვითხოვეთ, მოწოდებული დოკუმენტები გავაანალიზეთ, ერთმანეთს შევადარეთ, ექსპორტიორები გავფილტრეთ. დაგვრჩა მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც 2024 წელს ნავთობი და ნავთოპროდუქტები თან უზბეკეთიდან შემოჰქონდა, თან ნიდერლანდებში გაჰქონდა. ამას სხვა არც ერთი ქართული კომპანია არ აკეთებს. “აი, ფაქტს” ეს ამბავი ერთ-ერთი ოფიციალური უწყებიდან კონფიდენციალურადაც დაუდასტურეს.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ნიდერლანდებში 2024 წელს 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 60 000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები საზღვაო გზით წავიდა. რადგან უკვე ვიცით, რომ საქართველოდან ნიდერლანდებში ამ პროდუქტის (HS:271012) ერთადერთი ექსპორტიორი შპს “ჯეო ლოჯისტიკია”, ლოგიკურია, რომ 60 ათასივე ტონა მან წაიღო. ჩვენი გამოძიებით გამოვლენილი გარემოებები ლოგიკურად მიუთითებს, რომ ამ ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა ეს მარშრუტი გაიარა: რუსეთი-უზბეკეთი-საქართველო-ნიდერლანდები.
სტატისტიკურ აბსურდებს ვერც ნიდერლანდების გზაზე ავცდით. საქართველო კი ამბობს, ამ ქვეყანაში 60 000 ტონა ნავთობი და ნავთობროდუქტები გავგზავნეო, თუმცა ნიდერლანდები ამბობს, მხოლოდ 10 900 ტონა მივიღეო.
მაგალითისთვის, მივაგენით კვალს, თუ როგორ წავიდა ნიდერლანდებში ამ 10 900-დან 7 686 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები - ტანკერ Chemical Fighter-ით, რომელიც ყულევიდან დაიძრა და როტერდამში გაჩერდა.

ტანკერი Chemical Fighter, წყარო: marinetraffic.com
სად გაუჩინარდა 50 000 ტონა? რით აიხსნება ამ მასშტაბის სხვაობა?განმარტების მოსმენა გვინდოდა: ნიდერლანდების მთავრობის შესაბამის უწყებებს, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო სტრუქტურებს წერილობით მივმართეთ, თუმცა სტატიის გამოქვეყნებამდე არ უპასუხიათ. შემოსავლების სამსახურმა კი ეს აცდენა არ აგვიხსნა - საბაჟო საიდუმლოებააო.
რადგან ოფიციალური უწყება დუმს, ჩვენ გეტყვით, როგორ შეიძლება აიხსნას 50 000 ტონა ნავთობის გაუჩინარების ამბავი:
1. სამკუთხა ვაჭრობით, საქონლის გადაყიდვით. რას ნიშნავს ეს? დავუშვათ, ქართულმა კომპანიამ ნავთობი მიჰყიდა ნიდერლანდების კომპანიას, მან კი გადაყიდა სხვა ევროპულ კომპანიაზე, პირობითად, იტალიურზე. შემდეგ ეს საქონელი პირდაპირ გაიგზავნება საქართველოდან იტალიაში. ამიტომ, ნიდერლანდების იმპორტად ვერ დაფიქსირდება, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არასოდეს შესულა.
2. ე.წ გემიდან გემზე გადაზიდვით/Ship-to-Ship (STS) transfer. ეს ნიშნავს, რომ საქონელი შეიძლება გაიყიდოს უშუალოდ ზღვიდან. პორტიდან წასული ტანკერი გაჩერდება ნეიტრალურ წყლებში, სადაც ეროვნული საბაჟო იურისდიქციები არ ვრცელდება. მის გვერდით, ასევე ნეიტრალურ წყლებში გაჩერდება მეორე ტანკერი, რომელზეც ნავთობი მილით გადაიტვირთება და შემსყიდველი ქვეყნისკენ გაემართება. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, საქართველოდან წასული ტანკერი ნიდერლანდებში, ცარიელი, ან ნაკლული ტვირთით შესულიყო. ეს საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული და ლეგალური პრაქტიკაა. 2025 წელს “Kyiv Independent”-იც წერდა, რომ რუსული ნავთობი გემიდან გემზე გადაიზიდება საბერძნეთსა და კვიპროსთან მდებარე საერთაშორისო წყლებში. მაგალითად, 2024 წლის ზაფხულში ასე იქცეოდა რუსული Aframax კლასის ტანკერი.
3. საერთაშორისო სტანდარტით, შესაძლოა ტვირთი ქვეყანაში შევიდეს, მაგრამ იმპორტად მაშინვე არ აღირიცხოს, თუ სატრანზიტო პროცედურებისთვის ამზადებენ, ან დროებით საწყობში შეინახეს. ტრანზიტული ტვირთი იმპორტში საერთოდ არ გატარდება. ხოლო დასაწყობებული, იმპორტად დაფიქსირდება მხოლოდ საწყობიდან გამოტანისას. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ნიდერლანდებში გაგზავნილი 60 000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეინახეს, ეტაპობრივად გამოაქვთ და 2024 წელს მხოლოდ 10 000 ტონა გაიტანეს. საქსტატის თქმით, ამაში უცნაური არაფერია და თუ კომპანია ფულს გადაიხდის, ტვირთს, პირობითად, ერთი წელიც შეუნახავენ.
ამ ფაქტების სიღრმისეული გამოძიება უკვე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვალია. მათ უნდა დაადგინონ, სად წავიდა 50 000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, რომელიც, წესით, ნიდერლანდებში უნდა ჩასულიყო; არსებობს თუ არა სანქციების “შავი ხვრელი” საქართველოს რკინიგზის და პორტების სახით, ნამდვილად ვუშვებთ თუ არა ევროპაში უზბეკეთიდან შემოტანილ რუსული “როსნეფტის” ნავთობს და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან შპს “ჯეო ლოჯისტიკს”.
“როსნეფტი”, როგორც რუსული ნავთობის მსხვილი მომპოვებელი, 2025 წლის ოქტომბრიდან აშშ-ის და ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. მას და მის შვილობილ კომპანიებს დაებლოკათ აშშ-ში და ბრიტანეთში არსებული აქტივები და აეკრძალათ ფინანსური ოპერაციები. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ კრემლში თანხების ნაკადის შეზღუდვის მიზნით, იმ ნავთობპროდუქტების იმპორტსაც აკრძალავდა, რომელიც მესამე ქვეყნებში მუშავდება რუსული წარმომავლობის ნედლეულისგან.
ვინ დგას შპს “ჯეო ლოჯისტიკის” უკან? კავშირები “ქართულ ოცნებასთან” და რომეო მიქაუტაძესთან
შპს “ჯეო ლოჯისტიკი” 2021 წლის აგვისტოში, ბათუმში დარეგისტრირდა. ოფიციალურად, მისი საქმიანობის სფერო ნავთობპროდუქტების წარმოებაა. კომპანიის 50-50%-ან წილებს ფლობენ გიორგი მოწყობილი და ზაზა ნიკაჭაძე, ხოლო დირექტორი როინ მიქელაძეა. მიქელაძე და მოწყობილი “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველები არიან - წელს, ერთსა და იმავე დღეს ჯამურად 80 000 ლარი შესწირეს.
გიორგი მოწყობილს ოჯახური ურთიერთობა აკავშირებს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ რომეო მიქაუტაძესთან. მათი შვილები, ანანო მოწყობილი და გოჩა მიქაუტაძე ცოლ-ქმარი არიან.

რომეო მიქაუტაძის და გიორგი მოწყობილის ოჯახური ფოტები, წყარო: ფეისბუქი
გიორგი მოწყობილის მეორე შვილი, ავთო მოწყობილი კი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში, პროექტების მენეჯერად მუშაობს.
მოწყობილი და ნიკაჭაძე ამ კომპანიის მფლობელები 2024 წლიდან არიან. ზუსტად ამ პერიოდიდან გახდა “ჯეო ლოჯისტიკი” ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტიორ-ექსპორტიორი. ამას ემთხვევა საქართველოდან ნიდერლანდებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უპრეცენდენტო რეექსპორტიც.
“ჯეო ლოჯისტიკის” მფლობელები ბესიკ წილოსანის ბიზნესპარტნიორები არიან. წილოსანი ოფშორული ნავთობკომპანიის დირექტორია. მან 2016-2020 წლებში “ქართული ოცნებას”, სალომე ზურაბიშვილს და “ოცნების” სატელიტ სოციალ-დემოკრატებს, ჯამში, 81 300 ლარი შესწირა. წილოსანი, ნიკაჭაძე და მოწყობილი ერთმანეთს 10 წელზე მეტია იცნობენ.
მოწყობილმა 2013 წელს დააფუძნა შპს “ბეგინ ენერჯი”, რომელიც ერთ წლის შემდეგ ბესიკ წილოსანის ოფშორულ კომპანიას, EXTOL TRADING LIMITED-ს მიჰყიდა. წილოსანის ამ ოფშორულ კომპანიას 2014 წლიდან საქართველოში აქვს შპს “ექსთოლ თრეიდინგ ლიმითედის ფილიალი საქართველოში”, რომელსაც ზაზა ნიკაჭაძე ხელმძღვანელობს.

“ჯეო ლოჯისტიკის” კავშირები
წილოსანი ნავთობის სფეროში 90-ანი წლებიდანაა. ეს ინდუსტრია კი 2018 წელს დატოვა. მისი ინტერვიუდან ჩანს, რუსეთიდან ევროპაში ვაჭრობის სქემებში კარგად უნდა ერკვეოდეს.
“...როგორც სხვები ცდილობდნენ, ჩვენც რაღაცა შემოგვქონდა, ზოგი აქ იყიდებოდა, ზოგი მერე გაგვქონდა. მათ შორის იყო ნავთობპროდუქტები[…] ყაზახეთში ვყიდულობდი ნავთობს, ვყიდდი იტალიაში; ვყიდულობდი რუსეთში და ვყიდდი გერმანიაში[…] 18 წელი უცხოეთის ბაზარზე ვმუშაობდი. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ქართულ ნავთობსაც ვყიდულობდით და გაგვქონდა”, - ამბობდა წილოსანი ჟურნალში “ბიზნესი და მენეჯმენტი” 2023 წელს.
ბუნებრივია, კითხვები გვქონდა “ჯეო ლოჯისტიკთან”. მის დირექტორ როინ მიქელაძეს რომ დავურეკეთ, გვითხრა, ახლა ვერ გიპასუხებთ, ჯერჯერობით, გაჩერებულები ვართო. თუმცა, რამდენიმე კითხვის დასმა მაინც მოვასწარით. ტელეფონზე რაც გვიპასუხა, ეს იყო:
მიქელაძე: - ჩვენ ვეწევით მომსახურეობას, არაფერი არ მოგვაქვს, შემოაქვს იმ კომპანიას…
ჟურნალისტი: - რომელ კომპანიას ემსახურებით?
მიქელაძე: - გამომიგზავნეთ, ჩემო დაიკო ყველაფერი და მოგწერთ პასუხს […]
ჟურნალისტი: - ანუ, თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ ლოჯისტიკით ხართ დაკავებული?
მიქელაძე: - ჩვენ ვაკეთებთ კომპაუდირებას, შერევას. ჩვენ სხვას არაფერს არ ვეწევით, არც შემოტანას, არც ყიდვას, არაფერს, გაიგეთ?”
ჟურნალისტი: - მაშინ როგორ ფიქსირდებით იმპორტიორ-ექსპორტიორად?
მიქელაძე: - როგორ და... ჩვენ რომ გავაკეთებთ შერევას, ჩემი კომპანიით რომ გავაკეთებთ, მერე ხომ უნდა დაფიქსირდეს გატანა ჩემით? ესაა მხოლოდ.
ამ ნაჩქარევი პასუხის დასაზუსტებლად მიქელაძეს დეტალური კითხვები მეილზეც გავუგზავნეთ და “ვოთსაფზეც”. თუმცა, ჯერჯერობით, პასუხი არ დაუბრუნებია.
ვცადეთ გასაუბრება “ჯეო ლოჯისტიკის” მფლობელ გიორგი მოწყობილთანაც. გვითხრა, რომ არ ეცალა და გაგვითიშა. მოგვწერა, დაგირეკავთო, მაგრამ ეს პირობა აღარ შეუსრულებია.
რუსული ნედლეულისგან წარმოებული ნავთობპროდუქტები შვეიცარიაში? - “ზდ ნავთობის კომპანიის” ხელითნიდერლანდების შემდეგ, შვეიცარია ევროპის კონტინენტის მეორე ქვეყანაა, სადაც 2022-2024 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ნავთობპროდუქტი გავიდა, ჯამში, 39 000 ტონა.
დავიწყეთ გარკვევა, საქართველოდან ვინ ვაჭრობს შვეიცარიასთან და რომელი ქვეყნიდან მოაქვთ ეს ნავთობპროდუქტები. კვალს “ზდ ნავთობის კომპანიასთან” მივყავართ. ეს კომპანია სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტიორიც არის (271019) და შვეიცარიაში ექსპორტიორიც. ესეც საქსტატისგან მოპოვებული 10-ზე მეტი დოკუმენტის ანალიზით, ერთმანეთზე შედარებით და გამორიცხვის მეთოდებით დავადგინეთ.
შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის და ამიტომ, ევროკავშირის სანქციები პირდაპირ არ ეხება. თუმცა, ის საერთაშორისო რეგულაციებს თითქმის ყოველთვის უერთდება და ცალკე, საკუთარ ამკრძალავ ზომებსაც იღებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლიდან რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების შეტანა არც შვეიცარიაშია დასაშვები.
* * *
“ზდ ნავთობის კომპანია” რომ შვეიცარიაში ექსპორტიორია, ასე დავადასტურეთ:1. საქსტატის მონაცემების შედარებით დავადგინეთ, რომ შვეიცარიაში ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ორი ქართული კომპანიაა - “ზდ ნავთობის კომპანია” და “ჯე ტრეიდ”. ეს უკანასკნელი ბაზებში, შვეიცარიის მიმართულებით, მხოლოდ შარშან, 2024 წელს გამოჩნდა. იქამდე, შვეიცარიაში ერთადერთი ექსპორტიორი “ზდ ნავთობის კომპანია” იყო;
2. შვეიცარიული PETROVECTOR-ი, რომელიც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, 2024 წლის ანგარიშში წერს, რომ საქართველოდან ნავთობს მხოლოდ “ზდ ნავთობის კომპანია” აწვდის;
3. ვიცით, რომ 2019 წლის შემდეგ შვეიცარიაში ნავთობს/ნავთობპროდუქტებს ადგილობრივი ექსპორტით ვგზავნით, ანუ ის საქართველოში უნდა იყოს გადამუშავებული. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ნავთობის გადამუშავების ლიცენზია მხოლოდ ორ ქართულ კომპანიას აქვს - Globe Ltd-სა და “ზდ ნავთობის კომპანიას”. მათ შორის, “ზდ”-ს უფრო მაღალი საპროექტო გადმამუშავებელი სიმძლავრე აქვს - წელიწადში 130 000 ტონამდე;
4. საქსტატის მონაცემებით, შვეიცარიაში ნავთობი/ნავთობპროდუქტი ორი გზით მიდის, რკინიგზით და ზღვით. 2023-2024 წლებში, ნავთობი/ნავთობპროდუქტი რკინიგზით სულ 6 ქვეყანაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უზბეკეთში, არაბთა საამიროებსა და შვეიცარიაში, ჯამში, 9 კომპანიამ გაიტანა. მათ შორის იყო “ზდ ნავთობის კომპანიაც”, თუმცა არა “ჯე ტრეიდ”-ი. გამოდის, შვეიცარიაში სარკინიგზო გზით გაშვებული ნავთობპროდუქტების ექპორტიორი მხოლოდ “ზდ ნავთობის კომპანიაა”.
შვეიცარიაში ნავთობპროდუქტების ექსპორტიორობა სატელეფონო ინტერვიუში “ზდ ნავთობის კომპანიის” დირექტორმა, ბადრი ბუთხუზმაც დაგვიდასტურა: “... სხვადასხვა ქვეყნებში [გაგვაქვს], რა ვიცი, ზოგი შვეიცარიული ფირმაა, ზოგი დუბაის ფირმა, რა ვიცი, ვინც იყიდის რა. თქვენც თუ გინდათ, მოგყიდით, გადაგვიხადეთ და წაიღეთ სადაც გინდათ”.
საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტი
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს შვეიცარიაში ნავთობპროდუქტები გაიტანა შპს “ჯე ტრეიდმაც”, თუმცა, არ ვიცით, რა მოცულობის. კომპანია 2020 წელს დარეგისტრირდა და ნავთობპროდუქტებით საბითუმოდ ვაჭრობს. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ნავთობპროდუქტები ქარხნიდან გემებით შემოაქვთ ბათუმის ნავთობტერმინალში, საიდანაც ვაგონებში და საავტომობილო ტრანსპორტში ტვირთავენ. საბოლოოდ, ამ პროდუქციით ან ქართულ კომპანიებს ამარაგებს, ან ტრანზიტით აზერბაიჯანში მიაქვს. “ჯე ტრეიდ” ნავთობპროდუქტებს ყიდის რუმინეთშიც, აზერბაიჯანსა და თურქეთშიც, მარაგებს კი რუსეთიდანაც ივსებს. მაგალითად, Volza-ს მიხედვით, 2023-2024 წლებში რუსეთიდან 5749 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა. კომპანიის დირექტორმა გიორგი გათენაძემ გვითხრა, რაღაც გეშლებათ, შვეიცარიასთან შეხება არ გვქონია, ადგილობრივ ბაზარზე ვვაჭრობთ, ბათუმში და ფოთში გემებს ვაწოდებთ დიზელს და შეიძლება ეგ ჩანს, შვეიცარიაში არ გაგვიტანიაო.
5. საქსტატის ინფორმაციით, ტვირთის საბაჟო დეკლარაცია შესაძლოა არ შეავსოს მაინცდამაინც იმ კომპანიამ, რომელიც ამ ტვირთს ფლობს და ყიდულობს ან ყიდის. შესაძლოა, მათ ნაცვლად ეს ლოჯისტიკურმა კომპანიამ გააკეთოს. გამოდის, არსებობს პროცედურული “ხვრელი”, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს დამალონ მათი იმპორტიორ-ექსპორტიორობა და ეს საქმე ისე გააკეთონ, რომ ოფიციალურად არსად დაფიქსირდნენ.
“ზდ ნავთობის კომპანია” 2013 წელს დაფუძნდა, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტოპ ექსპორტიორებში კი 2020 წლიდან ხვდება.
საიდან იმარაგებს ნავთობპროდუქტებს და წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს?ანგარიშების მიხედვით, ის, ძირითადად საქართველოში მოპოვებულ ნავთობს ყიდულობს და გადაამუშავებს. შედეგად, დიზელს, ბენზინს ან მაზუთს იღებს. საქსტატის მონაცემებით კი იმპორტით შემოაქვს ნედლი ნავთობიც და ნავთობპროდუქტებიც. 2020-2024 წლებში ეს საქონელი რუსეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ბელარუსიდან და თურქმენეთიდან შემოჰქონდა.
Volza-ს ბაზით ვიგებთ, რომ “ზდ ნავთობის კომპანიამ” 2023-2024 წლებში რუსეთიდან, სულ მცირე 4.8 მილიონი დოლარის, 8 100 ტონა ნავთობპროდუქტი შემოიტანა (HS: 2710). რუსეთიდან შემოიტანა ნავთობის გადასამუშავებლად თუ ქარხნის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციაც - 2021 წლის აპრილიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, ჯამში, 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. ბაზაში წინა წლების მონაცემები არ ჩანს.
რას ამბობს თავად კომპანია რუსეთიდან ნავთობროდუქტების იმპორტზე?ბადრი ბუთხუზის თქმით, იმპორტ-ექსპორტი 2017-2018 წლებში დაიწყეს, რუსეთიდან კი მხოლოდ ნავთოპროდუქტები შემოაქვთ, კონკრეტულად, მისართები, რომელიც ხარისხიანი ბენზინის დასამზადებლად სჭირდებათ. ეს სატელეფონო ინტერვიუშიც გვითხრა და ვრცელ წერილშიც გაგვიმეორა.
“ჩვენ მარტო აქ, ადგილობრივ მოპოვებულ ნავთობს ვამუშავებთ. ნაწილი იყიდება ადგილობრივ ბაზარზე - დიზელი და ბენზინი. მაზუთი აქ არავის უნდა და გადის ექსპორტზე. ალბათ, ამიტომ ვართ როგორც იმპორტიორებში, ისე ექსპორტიორებში. [ვეკითხებით რუსეთიდან იმპორტზე] რას მიაცივდი, შენ მოგზავნილი ხარ თუ რეალურად გაინტერესებს?... მოდი, მოკლედ გეტყვი და დავამთავროთ საუბარი. რუსეთიდან არ შემოგვაქვს არც ნავთობი, არც დიზელი, არც ბენზინი… ” - გვითხრა ბუთხუზმა სატელეფონო საუბრისას.
დაზუსტებული პასუხების მისაღებად, კითხვები მეილზეც გავუგზავნეთ. მეორე დღეს, ბუთხუზმა მოგვწერა და
ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ ნავთობროდუქტები რუსეთიდან შემოაქვს და მისგან ნაწარმოები მაზუთი ექსპორტზე შვეიცარიაში გააქვს. შვეიცარიასთან ვაჭრობას “საამაყო ფაქტს” უწოდებს, რუსეთიდან იმპორტს კი “უკიდურეს აუცილებლობას”.“ჩვენი კომპანია ახორციელებს საქართველოში მოპოვებული ნედლეულის ნაწილის გადამუშავებას, რომლის შედეგად ვიღებთ ისეთ ნავთობპროდუქტებს, როგორიცაა: მაზუთი, დიზელის საწვავი და ნაფტა. აღნიშნული წარმოებისთვის სხვა საწარმოო პროცესებთან ერთად აუცილებელია მისართების(დანამატების) გამოყენება, რათა დასრულებული პროდუქტი აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. რადგან ზემოთხსენებული დანამატები სამწუხაროდ საქართველოში არ იწარმოება,
გვიწევს შევისყიდოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის, რუსეთიდან, ჩინეთიდან და ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან[…] კომპანიის მიერ რუსეთიდან პროდუქციის შესყიდვა ყოველთვის განპირობებული იყო უკიდურესი აუცილებლობით. პარალელურად, არასდროს დაგვირღვევია როგორც საერთაშორისო კონვენციები, ასევე ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა და არცერთი შესყიდვა არ განხორციელებულა (ოპერაციის მომენტში) ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიებისგან..
https://if
This post has been edited by ჩეკო on 26 Dec 2025, 19:06