ფული და მისით გამოწვეული შური ზოგჯერ ისე აბრმავებს ადამიანებს, რომ ავიწყდებათ ძალიან მარტივი რამ: ზოგიერთს ურჩევნია ცოცხალი მშობელი ჰყავდეს გვერდით, ვიდრე ის მემკვიდრეობა, რომელიც დაუტოვა. ზოგიერთი ადამიანისთვის საყვარელი ადამიანის სიცოცხლე 100 ათას და მეტ დოლარზე ბევრად უფრო ძვირფასია. საკუთარი სიცოცხლის ნაწილსაც კი დათმობდნენ, ოღონდ საყვარელ ადამიანებთან კიდევ რამდენიმე წელი გაეტარებინათ. რადგან სიცოცხლეში ყველაზე დიდი სიმდიდრე იმ ადამიანების გვერდით ყოფნაა, ვინც გიყვარს და ვისაც უპირობოდ უყვარხარ. ამის ნაცვლად, მათ შეიძლება შეშურდეთ იმ ადამიანების, ვის მეგობრობასაც იჩემებენ.
საერთოდ, უცნაური რამეა მეგობრობა.
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ მეგობრობა ერთად დროის გატარებაზე მეტია. ის, სულ მცირე, სხვისი ემოციების გაზიარებას გულისხმობს. თუმცა ბავშვობაში ნასწავლი ხშირად სცდება რეალობას, ამიტომაც ზრდასრულობაში ხშირად ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩაითვალოს მეგობრობად?
ჩემთვის მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ როცა მეგობარი რთულ გამოცდილებას გიზიარებს, მის სისუსტეს მის წინააღმდეგ არ იყენებ.
თუ მეგობარი შევიწროების გამოცდილებაზე გელაპარაკება, არ ეკითხები: „იქნებ იმიტომ მოხდა, რომ მოწყვლადი ხარ?“
თუ მეგობარი დაშორებაზე გიყვება და გულნატკენია, არ ეუბნები: „იქნებ არც არასდროს უყვარდი?“
თუ მეგობარს პარტნიორი ჰყავს და ბედნიერია, არ უყურებ ირონიით ან ზიზღით მხოლოდ იმიტომ, რომ შენ თვითონ არ გჯერა სოულმეითების და წლებია მარტო ხარ.
თუ მეგობარს ცხოვრებაში რაღაც კარგი ხდება, მისი ბედნიერება არ უნდა გაღიზიანებდეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ იმ მომენტში იმავეს ვერ იღებ.
და თუ მეგობრად თვლი, შენი მხრიდან არ უნდა არსებობდეს მუდმივი სურვილი, რომ როცა შენს ცხოვრებაში ყველაფერი ცუდადაა, სხვების ცხოვრებაშიც ცუდად იყოს.
მეგობრობა ჩემთვის არც ის არის, რომ ურთიერთობის საკმაოდ ადრეულ ეტაპზე ადამიანს ფულზე მიანიშნო, როცა მას თვალითაც კი არასდროს შეხვედრიხარ, შემდეგ კი მისი ზრდილობიანი უარი პირად შეურაცხყოფად მიიღო. საჯაროდ იწუწუნო, და უღირს პიროვნებად ჩათვალო.
საბოლოოდ, ყველა იმ ურთიერთობებს თანხმდება, რომლებიც მისთვის მისაღებია. ზოგისთვის ნორმალურია ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ემპათიაზე და ერთმანეთის წარმატებით გულწრფელ სიხარულზეა დაფუძნებული. ზოგისთვის კი ურთიერთობა შეიძლება იწყებოდეს პოზიტიური ყურადღებით და შემდეგ ნელ-ნელა გადაიზარდოს მუდმივ კონკურენციაში, წყენაში, შურში, დამცირების მცდელობაში და სურვილში, რომ მეორე ადამიანს რაღაც ეტკინოს.
როცა ადამიანის ქცევებში ისეთ რამეებს ვამჩნევ, რასაც ადრე ვერ ვხედავდი, უკვე აღარ მაინტერესებს მისი ლამაზი სიტყვები, ფასადური წახალისება და მუდმივი საუბარი იმაზე, თუ რამდენად კარგი მეგობარია. რადგან ადამიანი სიტყვებზე მეტად, ქცევით ფასდება.
აღარც მუდმივი მსხვერპლის როლის მჯერა, როცა ამ როლის მიღმა სხვა ადამიანების მიმართ ძალიან ცოტა თანაგრძნობაა. ყველას გვაქვს ტრავმები. ყველას გვაქვს ისეთი გამოცდილება, რომელმაც შეიძლება გაგვაბოროტოს, გაგვაბრაზოს ან შეგვცვალოს. მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც ჩვენზეა, რას ვუკეთებთ ამ ტკივილს. ადამიანმა შეიძლება მთელი ოჯახი დაკარგოს და მაინც არ გახდეს სხვების მიმართ სასტიკი. პირიქით, გააცნობიეროს, რამდენად ძვირფასია ის ადამიანები, რომლებიც მის გვერდით დარჩნენ.
არ ველოდები სრულყოფილებას მეგობრებისგან. არც იმას ვამბობ, რომ ადამიანი არასდროს შეცდება ან არასდროს იტყვის რამე ცუდს. მაგრამ არსებობს ზღვარი შეცდომასა და ადამიანის მიმართ ტოქსიკურ დამოკიდებულების ქონას შორის. და როცა ამ ზღვარს ვხედავ, აღარ ვცდილობ ადამიანის შეცვლას, გამართლებას ან მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ჩემთვის საინტერესო იყო.
უბრალოდ ვწყვეტ ურთიერთობას. რადგან ვიცი, როგორი მეგობრობა მინდა ჩემს ცხოვრებაში და როგორი აღარ.
ალბათ, ეს არის ,,დასტოინი დამშვიდობება".
Once you learn to recognize the patterns, the mask eventually falls. And once you see someone clearly, you don't necessarily need revenge, or another confrontation.
Sometimes you simply leave, close the door, and don't look back.
მეგობრობით კი მხოლოდ ნამდვილ ემპათებთან მიმეგობრია და ვიმეგობრებ