აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავოსში გაკეთებული განცხადება, ქვეშეთი – კობის მონაკვეთის ფინანსურ უკუგებას კითხვის ქვეშ აყენებს
რამდენად სწორი გათვლა გააკეთა სახელმწიფომ, როდესაც ანაკლიის ნავსადგურის საპირწონეთ, ფსონი რუსეთთან დამაკავშირებელ ქვეშეთი – კობის საგზაო მაგისტრალის მშენებლობაზე გააკეთა?
საქართველო დაკარგავს რუსეთის მიმართულების სომხეთის ტრანზიტის ნაწილს, რომელიც სადღეისოდ, წლიურად 3.5 – 4.0 მლნ ტონას და 170 – 200 ათას ერთეულ სატვირთოს შეადგენს.
რუსეთიდან სომხეთის ხორბლის ყოველწლიური მოხმარების მოცულობა 0.35 – 0.40 მლნ ტონა აზერბაიჯანის სარკინიგზო მიმართულებით გადაერთვება.
საქართველოს დარჩება დაუტვირთავი საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი ქვეშეთი – კობის მონაკვეთი, რომლის სასესხო ვალდებულება 1.24 მილიარდი ლარი მთლიანად საქართველოს გასასატუმრებელია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, საქართველოზე გამავალი მარშრუტების გვერდის ავლით, რუსეთში გამავალი სომხეთის ტვირთების აზერბაიჯანის სატრანზიტო დერეფნით გადართვის შესახებ გააკეთა განცხადება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებაში, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფაქტორის წამოწევა, უფრო კონკრეტულად კი აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურის გამოყენებით რუსეთისთვის ტვირთების მიწოდებაზე აქცენტის გადატანაა საყურადღებო.
რა ინტერესი გააჩნია მეზობელ აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით ზემო ლარსიდან გამავალი და დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული სომხეთის ტრანზიტი ჩაანაცვლოს აზერბაიჯანის მიმართულებით?
იმისთვის, რომ თვალნათლივ დავინახოთ აზერბაიჯანის ინტერესი, კარგად უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რას წარმოადგენს მიმდინარე ეტაპზე აზერბაიჯანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
აზერბაიჯანი – სატრანსპორტო სექტორში გაზრდილი ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ინტენსიურად ავითარებს სარკინიგზო/საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურას, ანახლებს სავაგონო და სალოკომოტივო შემადგენლობას და საზღვაო ფლოტს. ამ ყოველივემ აზერბაიჯანს რეგიონში სატრანსპორტო -ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ყველა წინაპირობა შეუქმნა.
გარდა ამისა, სატრანსპორტო დერეფნების მრავალპოლარული განვითარების საფუძველზე, აზერბაიჯანი რეგიონის ყველა მეზობელთან სტაბილურ და უსაფრთხო გადაზიდვების მარშრუტებს ამკვიდრებს.
აზერბაიჯანის სატრანსპორტო სფეროს ძირითადი რგოლის – სარკინიგზო ინფრასტრუქტურის – სისტემური გაჯანსაღების პროცესი 20 წლის წინ იქნა დაწყებული.
ბოლო წლებში, სარკინიგზო სფეროში საკუთარი და უცხოური მსხვილი ინვესტიციების განხორციელების შედეგად, ასევე მიზანმიმართული სტრატეგიული ხედვის არსებობის პირობებში, აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე აქცენტი ოთხი სარკინიგზო დერეფნის განვითარებაზე გადაიტანა.
ოთხი ძირითადი სარკინიგზო ინფრასტრუქტურული პროექტის გარეშე აზერბაიჯანის რკინიგზის სისტემური განახლება წარმოუდგენელი იქნებოდა.
https://transcor.ge/აზერბაი