ჟურნალისტური გამოძიება
სამშენებლო ბიზნესის კავშირები ონლაინ კაზინოების თაღლითურ ქსელთან
ჟურნალისტი: მონიტორი
Divider dot
12 მარტი 2026
“ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის 5-ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება”.
“თბილისში, დიდ დიღომში “გუდვილის” ჰიპერმარკეტის 43,100 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ახალი მულტიფუნქციური მოლი აშენდება.”
ბოლო დროს ქართულ ბიზნესგამოცემებში გავრცელებული ამ ნიუსებიდან ვიგებთ, რომ დეველოპერული კომპანია “აპკო” არა ერთ მსხვილ სამშენებლო პროექტს ახორციელებს ქვეყანაში.
ბრიტანული ორგანიზაცია GAMRS-ის კვლევის მიხედვით, “აპკოს” სამშენებლო პროექტებზე გაერთიანებულ სამეფოში გემბლინგის შავი ბაზრიდან მიღებული შემოსავლები შესაძლოა იხარჯებოდეს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ქართულ კომპანიაში.
“მონიტორმა” შეისწავლა და გაჩვენებთ, თუ რა აკავშირებს მსხვილ ქართულ სამშენებლო პროექტებს ევროპაში მოქმედი არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან.
რას ჰყვებიან დაზარალებული ლუდომანები?
გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი ორგანიზაციის – “სათამაშო ინდუსტრიის აკრედიტაციის, მონიტორინგისა და რეგისტრაციის სამსახურის” [GAMRS] კვლევის მიხედვით, რომელიც 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, არალიცენზირებულ კაზინო “MyStake”-სა და მასთან დაკავშირებულ ქსელს ბრიტანელი მომხმარებლები ჰყავს მიზანში ამოღებული.
GAMRS-ის კვლევაში გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები და GAMSTOP-ში ჩართული 96 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც ძალიან მოკლე დროის პერიოდში £241,152 წააგეს ონლაინ კაზინო “MyStake”-ში. მათ GAMRS-ის მკვლევრებს ყველა საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი და ონლაინ კაზინოს ოპერატორებთან კომუნიკაციის ამსახველი მტკიცებულებები წარუდგინეს.
ერთ-ერთი მათგანი – პერი ი. ჰეროუდან იხსენებს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ვეღარაფერს უხერხებდა, ამიტომაც Gamstop-ში დარეგისტრირდა.
“Gamstop”-ი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ მოქალაქეებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების კონტროლში ეხმარება.
პლატფორმის ცნობით, მათი მომხმარებელი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია – ზოგმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დაძლევა შეძლო, ზოგმა კი გარკვეული დროით პაუზა აიღო, რომ ფულის დაგროვება და სხვა საკითხებზე ფოკუსირება მოეხერხებინათ.
პლატფორმა ასე მუშაობს: თუ პირი Gamstop-ში დარეგისტრირდება, მისთვის მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 5 წლით იბლოკება გაერთიანებულ სამეფოში ლიცენზირებული აზარტული თამაშების კომპანიების ონლაინ ანგარიშები.
პერიმ კი Gamstop-ში რეგისტრაციის მიუხედავად, მაინც მიიღო კაზინოების – “MyStake”-ისა და “Goldenbet”-ის შეთავაზებები: “სამ დღეში დავხარჯე £49,300, რისთვისაც 2 მსხვილი სესხი ავიღე. “MyStake”-ს ეს არ ადარდებდა. მიუხედავად იმისა, რომ მე მათ ვუთხარი ჩემი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ, ისინი უფრო და უფრო მეტ შეთავაზებებს მიგზავნიდნენ, რომ ისევ შევეტყუებინე. მათ ცხოვრება დამინგრიეს.”
ჯეიმი დ. კოვენტრიდან კი იხსენებს, რომ ცოლთან გაშორების შემდეგ, მისი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გაძლიერდა. ამბობს, რომ MyStake-ში მთელი მისი დანაზოგი და სახლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დახარჯა: “შევეცადე, რომ ჩემი MyStake-ის ანგარიშიდან გამომეტანა დარჩენილი £4,000, მაგრამ მათ ანგარიში დამიხურეს და უარი მითხრეს ჩემი ფულის დაბრუნებაზე”.
გასული წლის დეკემბერში ბრიტანულმა გამოცემა “The Guardian”-მა სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 36 წლის ოლი ლონგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოცემის ცნობით, ოლი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და “Gamstop”-შიც დარეგისტრირდა, თუმცა ოჯახის წევრების ცნობით, სიკვდილამდე მას არაერთი გადარიცხვა ჰქონდა განხორციელებული ისეთი რეციპიენტებისთვის, რომელთა მსგავსი ანგარიშები ბრიტანეთში მოქმედ არალიცენზირებულ ონლაინ კაზინო “Donbet”-თან იყო დაკავშირებული.
როგორ მუშაობს არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელი ევროპაში
ონლაინ გემბლინგი ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ლეგალურია, თუმცა ბევრ მათგანში სპეციალური რეგულაციებია დადგენილი. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ონლაინ კაზინოს ფუნქციონირება ადგილობრივი გემბლინგის კომისიის ლიცენზიის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის მიუხედავად, როგორც ირკვევა, გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად “MyStake”-თან დაკავშირებული არაერთი ონლაინ კაზინო ახერხებს მუშაობას.
GAMRS-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებლების მიზიდვისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინტერნეტ სივრცეში “MyStake”-თან დაკავშირებით არაერთი ყალბი ინფორმაციაა გავრცელებული. მაგალითად, GAMRS-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ AI-ის მიერ გენერირებული არარელური პერსონაა ანდრეს მარკუსი, რომელიც ინტერნეტში გავრცელებული არაერთი ნიუსის მიხედვით, MyStake-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც თითქოს დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორი.
“ეს არის ერთგვარი სტრატეგია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ყალბი ნიუსებით კომპანიის რეპუტაციისა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის [SEO] გაზრდას ემსახურება ფართო აუდიტორიის მოსაზიდად”, – ნათქვამია GAMRS-ის კვლევაში.
GAMRS-ის კვლევის მიხედვით, Mystake კარგად ორგანიზებული ონლაინ კაზინოების დიდი ქსელის ნაწილია: “იდენტური ტრეკინგისა და ანაბეჭდების კონფიგურაციის არსებობა ისეთ დომეინებს შორის, როგორიცაა mystake1.com , mystake3.com , mystake4.com მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საიტები ერთი და იგივე ტექნიკური ჯგუფის მიერაა შექმნილი ან ერთი პლატფორმის ინფრასტრუქტურას ეფუძნება”, – ნათქვამია GAMRS-ის კვლევაში.
GAMRS-ის კვლევის მიხედვით, ასეთი სქემით მხოლოდ ერთ ონლაინ კაზინო MyStake-თან ათეულობით დომეინია დაკავშირებული, რაც MyStake-ს, მისი ერთი ვებგვერდის დაბლოკვის შემთხვევაში, საშუალებას აძლევს უწყვეტად გააგრძელოს ფუნქციონირება სხვა დომეინების საშუალებით.
ვინ ფლობს გაერთიანებულ სამეფოში მოქმედ არალიცენზირებულ ონლაინ კაზინოებს?
“Donbet”-ისა და “MyStake”-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ორივეს ოპერატორი ოფშორში, კერძოდ, კარიბის კუნძულებზე, კიურასაოში რეგისტრირებული კომპანია GTW B.V,-ია, რომელიც ლიცენზირებულია კიურასაოს შესაბამისი ორგანოს მიერ, თუმცა ლიცენზიას ვადა 2025 წლის 24 დეკემბრამდე ჰქონდა. ამჟამად კიურასაოს ონლაინ თამაშების ლიცენზიების რეესტრში მითითებულია, რომ GTW B.V.-ის ლიცენზირებასთან დაკავშირებით “მიმდინარეობს შეფასება”.
ოფშორში, ამ შემთხვევაში კიურასაოში სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს ოპერატორებისთვის – ეს არის სწრაფი რეგისტრაცია, დაბალი გადასახადები და საერთაშორისო მასშტაბით მუშაობის შესაძლებლობა. თუმცა კიურასაოს ლიცენზიის მქონე ონლაინ კაზინოებს ეკრძალებათ მომხმარებლების მიღება სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაერთიანებული სამეფოდან, სადაც ადგილობრივი “გემბლინგის კომისიის” [UKGC] ლიცენზიის გარეშე ამ ბიზნესის წარმოება “გემბლინგის აქტი 2005”-ის დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია.
კიურასაოში რეგისტრირებული კომპანია GTW B.V.-ის, ანუ ონლაინ კაზინოების ოპერატორის გადახდის აგენტი კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია CYGTW LTD-ია.
ონლაინ კაზინოს გადახდის აგენტი – ეს არის კომპანია, რომელიც კაზინოსა და მოთამაშეებს შორის ფულის გადარიცხვებს შუამავლობს: იღებს მოთამაშისგან ფულს და გადასცემს კაზინოს, ან პირიქით — კაზინოდან მოგებულ თანხას აძლევს მოთამაშეს.
CYGTW LTD-სა და კიდევ ერთ კვიპროსულ კომპანია “Santeda International Ltd”-ს ერთი და იგივე მისამართი და დირექტორი ჰყავთ. ამასთან, CYGTW LTD-ის მფლობელი კატერინა იოსიფი SANTEDA INTERNATIONAL LIMITED-ის ყოფილი დირექტორია.
“Santeda International Ltd” კიურასაოში ლიცენზირებული ონლაინ კაზინოების ოპერატორის – “Santeda International B.V”-ის გადახდის აგენტია, რომლის საკუთრებაშია გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი და ზემოთ დასახელებული კიდევ ერთი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო “Goldenbet”-ი. “Santeda International B.V”-ის საკუთრებაშია, ასევე, ონლაინ კაზინოები: Velobet, Zizobet, Rolletto, Cosmobet და სხვა. ამასთან, იმ დროს, როცა GAMRS-ის კვლევა გამოქვეყნდა, ანუ 2025 წლის დეკემბერში, “Santeda International B.V”-ის მფლობელობაში იყო MyStake-ცა და Donbet-იც.
“Santeda International B.V”-სთან დაკავშირებით, GTW B.V.-ის მსგავსად, კიურასაოს ონლაინ თამაშების ლიცენზიების რეესტრში მითითებულია, რომ 2025 წლის 24 დეკემბრამდე იყო ლიცენზია მოქმედი და ამჟამად “მიმდინარეობს შეფასება”.

“ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბიზნესს ერთი და იგივე პირები მართავენ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კიურასაოც კი განიხილავს ლიცენზიის განახლებაზე უარის თქმას”, – გვითხრა ჯორდან ლიმ, GAMRS-ის კვლევის თანაავტორმა, – Santeda-ს ლიცენზირებისა და იურიდიული ჯგუფის რჩევაა, რომ ეს ქსელი სხვა ფირმაში გადაიტანონ ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთეს Onyxion-ის შემთხვევაში, როცა ყველაფერი დახურეს და გადაიტანეს Santeda-ში. ეს მარეგულირებლის ზეწოლითაა განპირობებული, რომ დაცული იყოს მომხმარებლების უფლებები”.
Santeda-ს კავშირი საქართველოსთან
“Santeda International ltd” 2020 წლის 5 თებერვალს დაფუძნდა კვიპროსში, თუმცა მაშინ კომპანიის სახელწოდება იყო “Onyxion Development Limited”. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე – ონისე ჩიმახიძე იყო, რომელმაც 2020 წლის 11 მაისს თავისი წილი კიურასაოში რეგისტრირებულ კომპანიას – Onyxion B.V.-ის მიყიდა.
სწორედ ეს კომპანია ფლობდა წარსულში ზემოთ ხსენებულ ონლაინ კაზინოებს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ულიცენზიოდ საქმიანობენ. ირკვევა, რომ საბერძნეთმა ჯერ კიდევ 2021-22 წლებში შეიტანა შავ სიაში Onyxion B.V.-ის კუთვნილი ონლაინ კაზინოები: Rolletto, MyStake, Goldenbet.
2022 წლის 12 ივლისს “Onyxion Development Limited”-ს სახელწოდება შეეცვალა და Santeda International ltd დაერქვა. მფლობელების გრაფაშიც Onyxion B.V. – ასევე კიურასაოში დაფუძნებულმა Santeda International B.V.-მ ჩაანაცვლა.
სახელწოდებები შეიცვალა, მაგრამ საქმიანობა არა. სწორედ ამიტომ საბერძნეთმა შავ სიაში 2024-25 წლებში უკვე Santeda International B.V. და მისი კუთვნილი ონლაინ კაზინოები [MyStake, Velobet, Donbet, Rolletto, Cosmobet] შეიტანა.
შვედეთმა 2024 წელს აკრძალა Santeda International B.V-ის ონლაინ კაზინოები მათ ტერიტორიაზე ულიცენზიო საქმიანობისთვის. ავსტრალიამ კი ოფიციალური გაფრთხილება მისცა.
Santeda-ს ქსელზე კვლევა GAMRS-მა უკვე გაუგზავნა გაერთიანებული სამეფოს გემბლინგის კომისიას.
“სამწუხაროდ, “გემბლინგის კომისიას” შეუძლია მხოლოდ ის, რომ გაუგზავნოს წერილები Santeda-ს, რომ შეწყვიტონ გაერთიანებულ სამეფოში ოპერირება. გაერთიანებულ სამეფოში არალეგალური გემბლინგი დასჯადია, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს უგულებელყოფენ იმ ქვეყნის სამართალდამცავები, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ – საქართველოში”, – გვითხრა ჯორდან ლიმ.
GAMRS-ის კვლევის მიხედვით, Santeda-ს ქსელთან საქართველოს კავშირს არაერთი გარემოება ადასტურებს, მათ შორის ის, რომ Santeda-ს ონლაინ კაზინოების სოცქსელები სწორედ საქართველოდან იმართება: 2025 წლის ნოემბერში სოციალური მედიის პლატფორმა X-მა [ყოფილი Twitter], გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლებისთვის ხილული გახადა ანგარიშების მმართველთა ადგილმდებარეობა. ასე გაირკვა, რომ MyStake-ისა და Santeda International-ის სხვა კაზინოების გვერდები X-ში საქართველოდან იმართება.
GAMRS-ის კვლევის მიხედვით, კიურასაოში ლიცენზირებული ონლაინ კაზინოები, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში უკანონოდ მოქმედებენ, რეალურად თბილისიდან იმართება კომპანია “აპგეიმინგის” საშუალებით, რასაც ქართულ კომპანიაში “ცილისწამებას” უწოდებენ და კატეგორიულად უარყოფენ.
რა აკავშირებს “აპგეიმინგს” Santeda-ს ქსელთან?
საქართველოში კომპანია Upgaming-ს აქტიური სარეკლამო საინფორმაციო კამპანია აქვს, რომლის მიხედვითაც ეს არის “პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში”.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული სარეკლამო სტატიები გვაუწყებს, რომ “აპგეიმინგი” ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის, რომელსაც 250-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი და 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს; ასწავლის და ასაქმებს ახალგაზრდებს; იუთუბში გამოქვეყნებულია არაერთი ვიდეო, რომლებითაც კომპანია საკუთარი თანამშრომლების მიღწევებზე უამბობს აუდიტორიას; ტიკტოკის ვიდოებში ნაჩვენებია, თუ როგორ წარმატებულად მუშაობენ და ერთობიან კომპანიის თანამშრომლები და ა.შ.
კომპანია “Upgaming AG” 2020 წლის გაზაფხულზე შვეიცარიაში დააფუძნეს საქართველოს ხუთმა მოქალაქემ – თორნიკე თვაურმა, მიხეილ მერებაშვილმა, ლაშა მელაძემ, მერაბ ჩიქვინიძემ და ალექსანდრე მაყაშვილმა. ამავე კომპანიაში მათივე პარტნიორია გერმანიის მოქალაქე დენიზ ილდირიმი.
შვეიცარიაში დაფუძნებულ სს “აპგეიმინგ-აგ”-ს შვილობილი და დაკავშირებული კომპანიები ჰყავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
შვეიცარიულმა “აპგეიმინგ”-მა 2020 წელს საქართველოში დაარეგისტრირა “აპგეიმინგ აგ-საქართველოს ფილიალი”, 2023 წლიდან კი – შპს “აპგეიმინგი”. ამასთან სს “აპგეიმინგ-აგ”-ს შვილობილი კომპანია ჰყავს, ასევე, უკრაინაში – APHEIMINH YUA TOV.
ქართულმა კომპანიამ – შპს აპგეიმინგმა 2023 წელს მიიღო “აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა” საქართველოში, რომელსაც 2028 წლის 17 ოქტომბრამდე აქვს ვადა. კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, შპს “აპგეიმინგის” შემოსავალი ძირითადად “აპგეიმინგ აგ”-სთვის მიწოდებული სერვისებისგან შედგება, როგორიცაა ქსელის ადმინისტრირება, ვებსაიტების სრული დიზაინი, გადახდის მეთოდების ინტეგრაცია, კონსულტაციები ლიცენზიებზე, ტექნიკური მხარდაჭერა და სხვა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს შპს “აპგეიმინგის” შემოსავალმა 24,631,397 ლარი შეადგინა, საიდანაც 19 მილიონამდე ლარი თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ბენეფიტების დაფინანსებას მოხმარდა.
“აპგეიმინგის” ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს, თორნიკე თვაურს ჩვენ ვკითხეთ, თუ რა აკავშირებს მის კომპანიას “Santeda”-სთან, რომელიც ევროპაში მოქმედი არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების მფლობელია.
“SANTEDA INTERNATIONAL BV წარმოადგენს UPGAMING-ის ჯგუფის კვიპროსული კომპანიის UPGAMING LTD-ს კლიენტს. კლიენტთან არსებული ხელშეკრულება გვიკრძალავს კომერციული ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირებზე, ამიტომაც არ გვაქვს უფლება მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ მიწოდებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე (მათ შორის ანაზღაურებაზე და გადახდის პირობებზე)… ჩვენი როლი შემოიფარგლება მკაფიოდ განსაზღვრული ტექნიკური და ციფრული მომსახურებების მიწოდებით, რომლებიც ხორციელდება კომერციული ხელშეკრულებების საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს კლიენტების ოპერაციული საქმიანობის ზედამხედველობას ან მათი ბიზნეს-მოდელის შეფასებას”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა.
ამის შემდეგ ჩვენ მას ვკითხეთ, აქვს თუ არა ინფორმაცია “Santeda”-ს არალიცენზირებულ კაზინოებზე ევროპაში, რაზეც თორნიკე თვაურმა გვიპასუხა:
“კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერ ვარაუდს, თითქოს ჩვენს კომპანიას ჰქონდა ან უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, რომ რომელიმე კლიენტი მოქმედებდა არალეგალურ ან „შავ ბაზართან“ დაკავშირებულ საქმიანობაში. მოგახსენებთ, რომ სახელშეკრულებო დონეზე კლიენტს ეკრძალება იმ იურისდიქციებში (ქვეყნებში) UPGAMING-ის სერვისების გამოყენება, სადაც მას არ გააჩნია შესაბამისი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორობის ნებართვა/ლიცენზია. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს იმ საკითხის შესწავლა, აწვდიდა თუ არა კლიენტი ჩვენი კომპანიის პროდუქტებს უნებართვოდ შესაბამის იურისდიქციებში. მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ჩვენი კომპანია იტოვებს უფლებას, რომ შეუწყვიტოს შესაბამისი მომსახურება კლიენტს”.
არის თუ არა სარწმუნო თორნიკე თვაურის მტკიცება, რომ მან არაფერი იცოდა “SANTEDA INTERNATIONAL B.V.”-ის არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების შესახებ? მივყვეთ ფაქტებს: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბერძნეთის გემბლინგის კომისიამ Santeda/Onyxion-თან დაკავშირებული კაზინოები 2021-2025 წლებში შეიტანა შავ სიაში. 2023 წელს ამავე შავ სიაში მოხვდა ONYXION MALTA LIMITED-ის კუთვნილი ონლაინ კაზინო
https://31bet.com, 2025 წელს კი –
https://31.casino.
მალტაში რეგისტრირებული კომპანიის – OnyxioN Malta Limited-ის მესაკუთრეები “Upgaming”-ის დამფუძნებლები – თორნიკე თვაური და დენიზ ილდირიმი არიან.
“საბერძნეთის საკითხს რაც შეეხება და მათ მიერ დაბლოკილ დომეინებს, ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია. საბერძნეთის სახელმწიფო ავტომატურად ბლოკავს ყველა ონლაინ კაზინოს დომეინს, რომელიც არ არის ლიცენზირებული საბერძნეთში მიუხედავად იმისა, ოპერირებს თუ არა კაზინო საბერძნეთის ბაზარზე, ანუ ეს ყველაფერი არის ერთგვარი პრევენციის მექანიზმი, რომ ბერძენი მოთამაშეები ვერ შევიდნენ და ვერ ითამაშონ საერთაშორისო კაზინოებზე”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა.
ჩვენ მასვე ვკითხეთ, რა აკავშირებს მის მალტურ კომპანიას კვიპროსულ SANTEDA INTERNATIONAL-თან, რომელსაც მანამდე მისი მალტური ორგანიზაციის მსგავსად, ასევე ONYXION ერქვა.
“მალტური კომპანიის ONYXION MALTA LIMITED-ს ან/და მის დამფუძნებლებს, დირექტორებს არანაირი კავშირი არ აქვთ კომპანია SANTEDA INTERNATIONAL BV-სთან. მალტური კომპანიის სახელწოდება თავის დროზე აირჩა მალტელი კონსულტანტების მეშვეობით: მენეჯმენტის მიერ არჩეული რამდენიმე სახელი იდენტურობის ან მსგავსებობის გამო დაკავებული იყო მალტის ბიზნეს რეესტრში. ამიტომაც, იმის გათვალისწინებით, რომ კონსულტანტებს რამოდენიმე სახელი წინასწარ დაბევებული (დაჯავშნილი) ჰქონდათ, აირჩა მათ მიერ შემოთავაზებული საფირმო სახელწოდება – ონიქსიონ მალტა, რაც უზრუნველყოფდა კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა.
მაგრამ, როგორც გავარკვიეთ, მხოლოდ სახელის დამთხვევა არ აკავშირებს ერთმანეთთან ამ ორ კომპანიას.

ლუდომანებზე ახეული ფულით იკვებება მათი ოჯახები

ეს ფოტო, რომელზეც “Santeda International Ltd”-ს [ყოფილი Onyxion Development Limited] დამფუძნებელი ონისე ჩიმახიძე და მისი ცოლი – გვანცა ჩიმახიძე არიან გამოსახულები, 2024 წლის ნოემბერში, მალტაშია გადაღებული, სადაც კომპანია “აპგეიმინგი” SiGMA Europe 2024-ის გამოფენაში მონაწილეობდა.
ამასთან, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან დგინდება, რომ ონისე ჩიმახიძის და “აპგეიმინგის” ერთ-ერთი დამფუძნებლის – ლაშა მელაძის ცოლი – ეთერ გიგაური ახლო მეგობრები არიან.
კიდევ ერთ კავშირს ლაშა მელაძესა და Santeda-ს შორის ადასტურებს დოკუმენტი, რომლის მიხედვით THUNDERSPIN LTD-ის აქციონერია ლაშა მელაძე. THUNDERSPIN LTD-ის ყოფილი დირექტორი ქრისტოს სამარასი კი სხვადასხვა დროს იყო როგორც Santeda International ltd-ის, ისე CYGTW LTD-ის დირექტორი.
ონისე ჩიმახიძემ უპასუხოდ დატოვა მის ელექტრონულ ფოსტაზე ჩვენს მიერ გაგზავნილი შეკითხვები. ჩვენ დავუკავშირდით ლაშა მელაძის წარმომადგენელსაც, თუმცა არც ეს უკანასკნელი გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას, რომ ეპასუხა შეკითხვებისთვის. თორნიკე თვაურმა კი ასეთი პასუხი გაგვცა:
“ბატონი ონისე ჩიმახიძე არ არის დაკავშირებული კომპანია “აპგეიმინგთან”, არ არის თანამშრომელი, არანაირი პოზიცია ან თანამდებობა არ უჭირავს, არც შპს „აპგეიმინგში“ და არც ჯგუფში. ისინი გამოფენაზე შესაძლოა მოწვეული იყვნენ როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლის ახლო მეგობრები… THUNDERSPIN LTD ეკუთვნის ლაშა მელაძეს და მის პარტნიორებს. ეს კომპანია ბატონი მელაძის დამოუკიდებელი ბიზნესია და მას კავშირი UPGAMING AG-სთან არ აქვს”.
სამშენებლო პროექტები არალეგალური გემბლინგისგან მიღებული შემოსავლებით?
“გაერთიანებულ სამეფოში არანაირი გადასახადი არ გენერირდება, რადგან აზარტული თამაშების შავი ბაზარი უკანონოა. დაუბეგრავი შემოსავალი კი სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ხმარდება საქართველოში”, – ნათქვამია GAMRS-ის კვლევაში, რომელიც იუწყება, რომ Santeda-ს ქსელის მიერ ევროპაში გემბლინგის შავ ბაზარზე გამომუშავებული თანხები, შესაძლოა, ხმარდებოდეს “აპკოს” სამშენებლო პროექტებს საქართველოში.
დეველოპერულ კომპანია “აპკოს” სს “ფინვესტ საქართველო” ფლობს. “ფინვესტ საქართველოს” მესაკუთრეები კი – თორნიკე თვაური, ლაშა მელაძე, მერაბ ჩიქვინიძე, მიხეილ მერებაშვილი და ალექსანდრე მაყაშვილი არიან, ანუ შვეიცარიული “აპგეიმინგის” დამფუძნებლები.
გრაფიკაზე “ფინვესტ საქართველოს” კომპანიები:

“აპკო” საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს თბილისის სხვადასხვა უბანში – ლისზე; სარაჯიშვილზე, დიღოშმი; ასევე – სასტუმროს ლიკანსა და შეკვეთილში; ფლობს მიწის ნაკვეთებს მარტყოფში, უჯარმაში და ა.შ.
“ფინვესტ საქართველოსთან” დაკავშირებული კომპანიების უძრავი ქონება საქართველოში იხილეთ ცხრილში:

“აპკოს” 2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ მიიღო გრძელვადიანი შეღავათიანი სესხები არაფინანსური ინსტიტუტებისგან, კერძოდ დაკავშირებული და არადაკავშირებული მხარეებისგან, ჯამური ღირებულებით 67,794,999 ლარი, წლიური 2%-დან 8%-მდე განაკვეთით და 5 წლის შემდეგ გადახდის პირობით.
ჯორდან ლიმ, GAMRS-ის კვლევის თანაავტორმა მოგვაწოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, კვიპროსში რეგისტრირებულმა კომპანიამ – “Upgaming Limited”-მა 6 მილიონი ევროზე მეტი სესხი მისცა ქართულ კომპანია “აპკოს”.
“ჩვენი შეფასებით, ონლაინ კაზინოებიდან მიღებული შემოსავლიდან Santeda International B.V უხდის ფულს შვეიცარიაში Upgaming AG-ს, შემდეგ კი საკუთარი გადახდის სისტემებით კვიპროსში ეს თანხა საკომისიოს სახით ეძლევა კვიპროსულ Upgaming Limited-ს და იქიდან – საქართველოში რეგისტრირებულ შპს აპკოს”, – გვითხრა ჯორდან ლიმ.
თორნიკე თვაური GAMRS-ის შეფასებებს ცილისმწამებლურს უწოდებს და მათ სასამართლოში ჩივილით ემუქრება. ის უარყოფს SANTEDA-ს არალეგალური გემბლინგის ქსელში მისი კომპანიების მონაწილეობას.
“UPGAMING-ს გაცემული აქვს შპს „აპკო“-ზე შესაბამისი სესხები. სესხების გაცემა ხორციელდებოდა მათ შორის შესაბამისი ნებადართული და კანონიერი საგადასახადო ოპტიმიზაციის ფარგლებში. ამასთანავე, UPGAMING-ის ჯგუფში შემავალი კომპანიები ექვემდებარებიან მკაცრ ფინანსურ აუდიტს და ასევე ამლ (ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობის) აუდიტს, რომელიც ამ კომპანიებს პერიოდულად უტარდებათ. კომპანიებს შორის ტრანზაქციები ასევე სრულად შესაბამისობაშია ტრანსფერ ფრაისინგის პრინციპებთან, რაზეც არსებობს შესაბამისი რეპუტაციული აუდიტორული კომპანიების დასკვნები”, – გვითხრა თვაურმა.
კავშირები “ოცნებასთან”
“სტუდია მონიტორმა” 2 წლის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება – “სათამაშო ბიზნესი სამშენებლო მოედანზე”, რომელშიც ვაჩვენეთ, რომ აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “ბეთლაივის” მფლობელები აქტიურად არიან ჩართულები მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში.
მაშინ გავარკვიეთ, რომ “ბეთლაივში” წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმის – ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა – თამაზ ხარაიძე; ხოლო ხარაიძის ცოლის ძმა თეიმურაზ კოპალეიშვილი “ბეთლაივის” დირექტორია. “ბეთლაივის” კიდევ ერთი მესაკუთრეა ნანა ჯანაშია, დავით ველიჯანაშვილის ქვრივი. ჩვენ მაშინდელ შს მინისტრს და ივანიშვილის ყოფილ პირად მცველს, ვახტანგ გომელაურს წერილობით გავუგზავნეთ შეკითხვა – იყო თუ არა ის დავით ველიჯანაშვილის შვილის ნათლია და მეგობარი და მის სახელზე იყო თუ არა რეგისტრირებული მინისტრის წილები “ბეთლაივში”, რაზეც გომელაურმა არ გვიპასუხა. მას არასოდეს უარუყვია მედიაში გასაჯაროებული ეს ინფორმაცია.
ჩვენ ამჯერად ნანა ჯანაშიას დავუკავშირდით ტელეფონით და ვკითხეთ – დაგვიდასტურებდა თუ არა მედიაში არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვახტანგ გომელაური არის მისი შვილის ნათლია, რაზეც ჯანაშიამ ასე გვიპასუხა:
“იცით რა არის?- ის, რაც 9000-ჯერ ნათქვამია, რატომ უნდა დაგიდასტუროთ ვერ ვხვდები და თან, არანაირი სურვილი არა მაქვს თქვენთან ლაპარაკის”.
ჯანაშიამ ამის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენს დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.
გრაფიკაზე“ბეთლაივის” მფლობელები:

“ბეთლაივის” ყოფილი დირექტორია “აპგეიმინგის” ხელმძღვანელი თორნიკე თვაური; ხოლო “ბეთლაივის” უმსხვილესი მესაკუთრეები – ალექსი მოდებაძე, ალექსანდრე წულუკიძე და ლაშა კვაჭაძე სამშენებლო კომპანია “ბლოქსის” მეწილეები და “აპგეიმინგთან” დაკავშირებული სამშენებლო კომპანიების პარტნიორები არიან [იხილეთ გრაფიკა ქვემოთ]:

Upgaiming-ის დამფუძნებლები “ბეთლაივის” და “ბლოქსის” ერთ-ერთ მეწილე ლაშა კვაჭაძესთან ერთად სხვა სამშენებლო კომპანიებსაც ფლობენ. მაგალითად, შპს საქართველო 2030-ში. ეს კომპანია ივანიშვილთან დაკავშირებული “ქართუ ბანკის” კუთვნილი სასტუმრო “საქართველოს” მეპატრონე გახდა თბილისში, მელიქიშვილის 12-ში.
“ვარ აპოლიტიკური პიროვნება და არ მაქვს არანაირი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან. სასტუმრო საქართველოს შეძენა არის ჩვეულებრივი ბიზნეს პროექტი, რომელიც შევიძინეთ ბანკი ქართუდან, ყოფილ მესაკუთრესთან კომუნიკაციით და მისი დახმარებით”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა.
მისივე განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავდა ორმხრივ ვალდებულებებს და ამ პერიოდის მანძილზე ქონება იყო დატვირთული ბანკი ქართუს იპოთეკით: “დღეის მდგომარეობით, ვალდებულებები ორივე მხარის მიერ შესრულებულია და ქონება დატვირთულია თიბისი ბანკის იპოთეკით. ასევე, ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია ახალი მყიდველის სასარგებლოდ დარეგისტრირებული აკრძალვა. ახალი მყიდველი არის უცხოური ჯგუფი, რომელთანაც უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და საკუთრებაც ამ ქონებაზე მალე გადავა მათზე. იმედია მალე თბილისს კიდევ ერთი კარგი სასტუმრო შეემატება”.
ჩვენ “აპგეიმინგთან” დაკავშირებული კომპანიების სხვა კავშირებიც ვიპოვეთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, რაზეც უკვე მომდევნო ჟურნალისტურ გამოძიებაში გიამბოთ.
“ის, რაც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, მხოლოდ აისბერგის წვერია და სინამდვილეში ძალიან სერიოზულ ორგანიზებულ დანაშაულთან გვაქვს საქმე”, – გვითხრა ჯორდან ლიმ, GAMRS-ის მკვლევარმა.
GAMRS-ის კვლევის მიხედვით, Ugaming-ის ჯგუფი, Santeda-ს გარდა, ონლაინ კაზინოების კიდევ არაერთ ქსელთანაა დაკავშირებული კიურასაოში ლიცენზირებული კომპანიების საშუალებით, მათ შორისაა Ryker B.V.-ის ლიცენზიებით მოქმედი ონლაინ კაზინოები. ამავე კვლევის მიხედვით, მხოლოდ “MyStake”-ის წლიური ბრუნვა £1.2 მილიარდს აჭარბებს.
* * *
სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების სრული ბმული:
https://monitori.ge/samsheneblo-biznesis-ka...hlitur-qseltan/