
კრეტაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ირანში სწავლობდა
ჟურნალისტი: მონიტორი
11 მარტი 2026
“ჩემი შვილი ჯაშუში არ არის”
ირანის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 35 წლის სამირ გ-ა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
“მონიტორმა” ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქე, ქვემო ქართლში, მარნეულის ერთ-ერთ შიიტურ მედრესეში სწავლობდა. შემდეგ, ორი წლის მანძილზე, რელიგიური განათლება ირანის ქალაქ ყუმში გაიღრმავა.
რამდენიმე წლის წინ, მას, საქართველოში ბიზნესიც ჰქონდა ირანის მოქალაქესთან ერთად, გარდაბანსა და თბილისში ირანიდან შემოტანილ მარილს ყიდდა.
სამირ გ-მ ოჯახთან ერთად ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნაც მოასწრო, მაგრამ ბელგიაში დამკვიდრების მცდელობა, ოთხსულიანი ოჯახის დეპორტაციით დასრულდა.
დაკავებულის დედა, ა. გ “მონიტორთან” ინტერვიუში ამბობს, რომ შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ჯაშუშობას გამორიცხავს.
“ჩემი შვილი ჯაშუში არაა, ის ოჯახის წაყვანას აპირებდა იქ (კრეტაზე), ბავშვი სკოლიდან უნდა გამოეყვანა მაისში, რომ იქ დაგვესვენა. ჩემი შვილი ვერანაირად ვერ იქნება ჯაშუში! 35 წლისაა, ჯაშუში რომ ყოფილიყო, აქამდე ხომ გამოჩნდებოდა?”
ხმაურიანი დაკავება კრეტაზე
საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში 2 მარტს, დააკავეს. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია “ეპიკური რისხვა” დაიწყეს.
საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის (EYP) მონაცემებით, სამირ გ. ათენში გერმანიიდან 5 თებერვალს ჩაფრინდა და მაშინვე გეზი კუნძულ კრეტისკენ აიღო.
კრეტაზე, ქალაქ ხანიესთან ახლოს, სუდას ყურეში, ხმელთაშუა ზღვაში, ნატოს ერთ-ერთი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა მდებარეობს.
ეს არის ერთადერთი საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდებს, პირდაპირ ნავმისადგომთან შეუძლიათ გაჩერება და შესაბამისი მომსახურების მიღება.
საბერძნეთის საკვირაო გაზეთ “რეალ ნიუსის” ცნობით, სამირ გ-მ თავიდან სწორედ სუდის ყურის ხედით იქირავა სასტუმრო. შემდეგ კი ქეშად, 17 ათასი ევრო გადაიხდა, ყურის უკეთესი ხედის მქონე ფეშენებელური ვილისა და ავტომანქანის 3 თვით საქირავებლად.
6 თებერვალს, სუდის ყურეში, აშშ-ის ავიამზიდი “ჯერალდ ფორდი” შევიდა, რომელიც რამდენიმე დღეში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩაება. საბერძნეთის დაზვერვამ საქართველოს მოქალაქე ყურეში ამერიკული ავიამზიდის ფოტოგადაღების დროს დააფიქსირა.
ბერძნული მედია, საბერძნეთის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სამირ გ-ს ტელეფონში ჰქონდა ირანული დაშიფრული აპლიკაცია-პროგრამა, რომლითაც ინფორმაციას გადასცემდა, ასევე, სუდის ყურეში ავიამზიდ “ჯერალდ ფორდისთვის” მის მიერვე გადაღებული ფოტოები.
სამირ გ. ვილაში სპარსულად საუბრობდა და ყველა საუბარს იწყებდა კოდური ფრაზით: “კრეტაზე ნაყინი გემრიელია”.
საქართველოს მოქალაქის მობილურში, ასევე აღმოჩნდა, ტელეფონის ნომერი, რომელიც კუნძულ კრეტაზე მანამდე დაკავებულ აზერბაიჯანის მოქალაქეს ეკუთნოდა. ის 2025 წლის ზაფხულში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვს აიყვანეს.
„ირანი წლების განმავლობაში ცდილობს საბერძნეთში შექმნას ე.წ. “მძინარე უჯრედები”. მათი სტრატეგია შეიცვალა: ისინი აღარ იყენებენ მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, არამედ ეძებენ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს — პაკისტანელებს, აზერბაიჯანელებს ან პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთაც საბერძნეთში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. სუდას ბაზა თეირანისთვის ‘წითელი დროშაა’, რადგან იქიდან ხდება აშშ-ის ძალების პროექცია ახლო აღმოსავლეთში,“ – ამბობს ბერძენი სამხედრო ანალიტიკოსი ათანასიოს დრუგოსი.
„სუდას ბაზაზე თვალთვალი არ არის მხოლოდ ფოტოების გადაღება. ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომ ირანს აქვს წვდომა და ინფორმაცია ნატოს ყველაზე დაცულ წერტილებზე. ის ფაქტი, რომ აგენტები იყენებენ კოდირებულ ფრაზებს, როგორიცაა ‘ნაყინი კრეტაზე გემრიელია’, მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა მოყვარულებთან, არამედ პროფესიონალურად მართულ ქსელთან, რომელიც პირდაპირ კავშირშია ირანის “რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან,” – უთხრა ბერძნულ მედიას საბერძნეთის არმიის თადარიგის ვიცე-ადმირალმა, იანის ეგოლფოპულოსმა.
რას ამბობს დაკავებულის ოჯახი
“მონიტორმა” დაკავებული სამირის დედასთან და მეუღლესთან გასაუბრება შეძლო. ორივე მათგანი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქის ჯაშუშობის შესაძლო ფაქტს გამორიცხავს.
დედა ამტკიცებს, რომ სამირი სატვირთოს მძღოლია და ამჯერად, ევროპაში დასაქმების მიზნით, მამის მოსანახულებლად და დასასვენებლად გაემგზავრა.
“მძღოლად ლატვიაში ცდილობდა დასაქმებას, მაინც რუსულენოვანი ქვეყანაა, საცხოვრებლად გადასვლა უნდოდა. გამოცდებიც ჩააბარა. თურქეთიდანაც ჰქონდა შეთავაზება. მანამდე ბელგიაშიც ცხოვრობდა ოჯახით, მაგრამ ვერ დარჩნენ, დეპორტაცია შეეხოთ.
გერმანიაში მამის მოსანახულებლად იყო ჩასული. იქ ცხოვრობს მამამისი, გერმანელი ცოლი ჰყავს.
ვინაიდან სამირს ცოლთან კონფლიქტი ჰქონდა, გადაწყვიტა საბერძნეთში ცოტა დაესვენა. თან ავიაბილეთები იაფი იყო. ცოლთან შერიგება უნდოდა, შვილების და ჩემი წაყვანაც.
ამიტომ იქირავა საბერძნეთში ვილა სამი თვით. მამამისს დაურეკა, საბუთს ლატვიიდან მანდ დაველოდებიო,” – გვითხრა სამირის დედამ.
დედა ადასტურებს რომ საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას, რომ სამირი რამდენიმე ენაზე საუბრობს. “აზერბაჯანული, ქართული, რუსული, სპარსული, თურქული და ცოტა ინგლისური იცის.
აქ სწავლობდა მარნეულში, მედრესეში. შეგიძლიათ წახვიდეთ და იკითხოთ, როგორი ბიჭია. მერე იქედან ირანში, ყუმში გააგზავნეს, როგორც კარგი სტუდენტი.
10 წლის პროგრამა 2 წელიწადში დაამთავრა. ძალიან ჭკვანი ბიჭია. ისეთი ტიპია ალბათ, ბევრს არ უყვარს აქ, რადგან ბევრი რამე იცის. აქ უნდოდათ, რომ აჰუნდი (რელიგიური ლიდერი) გამხდარიყო, მაგრამ უარი თქვა.”
სამირის ცოლი ამბობს, რომ კავშირი ირანთან წლების წინ ჰქონდა. როცა ცოლ-ქმარიც არ იყვნენ. “ირანში 10-15 წლის წინ სწავლობდა. 12 წელია რაც დავქორწინდით, მას მერე ირანში აღარ ყოფილა. რატომ უნდა ჰქონოდა კავშირი? ირანელები აქაც მუშაობენ. მარილის საწარმოში. ეგ ბიზნესიც გაჩერდა, რადგან იმ ირანელს, რომელსაც თაღავი ერქვა, აღარ უნდოდა გაგრძელება.”
კრეტაზე დაკავებულის დედამ, “მონიტორს” უთხრა, რომ სამირის დაკავების შესახებ, თურქეთის მოქალაქემ ტელეფონით შეატყობინა, რომელიც კრეტაზე ასევე იყო დაკავებული და საქართველოს მოქალაქეს, შემთხვევით კრეტის ციხეში შეხვდა.
დედის, ა. გ-ს თქმით, ამ დრომდე, ოჯახს საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არავინ დაკავშირებია.
რას “იძიებს” სუს-ი?
კუნძულ კრეტაზე, ნატოს სამხედრო ბაზისა და აშშ-ის ავიამზიდის თვალთვალის გამო, სავარაუდოდ, ირანის მიერ გადაბირებული საქართველოს მოქალაქის დაკავებას, დროში დაემთხვა, “ჰადსონის ინსტიტუტის” ახალი კვლევის გამოქვეყნება.
კვლევაში სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერი მოკავშირე ქვეყანაში“, ნათქვამია, რომ „თბილისი ხელს უწყობს ირანის ინფილტრაციას და ამავდროულად საშუალებას აძლევს თეირანს, შექმნას გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი“.
კვლევის ავტორების აზრით, ირანის სპეცსამსახურების აქტივობა „განსაკუთრებით მიმართულია ეთნიკურ აზერბაიჯანელ შიიტ მოსახლეობაზე, რომელიც ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში ცხოვრობს. ირანი საქართველოს მოსახლეობის ამ ნაწილს “დიდი ხანია სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნედ მიიჩნევს და მათზე გავლენის მოსახდენად სხვადასხვა მეთოდს იყენებს“.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ირანის აითოლების რეჟიმი, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე გავლენას ახდენს “რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, მაგალითად, ირანის ქალაქ ყუმში მდებარე ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტით”. ეს უნივერსიტეტი, რომელიც სანქცირებულია აშშ-ის მიერ, ოფიციალური ფილიალის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს ყოველწლიურად შიიტურ ისლამს და სპარსულ ენას ასწავლის. ასე იქმნება, “ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელები”.
“ჰადსონის ინსტიტუტის” დასკვნით, „ეს აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ძირს უთხრის დასავლეთის გავლენას და აძლიერებს ირანის რეჟიმს”.
ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სუს-მა კვლევის ავტორებისა და რიგი ექსპერტების “მოტიცავიის” გამოძიება დაიწყო და ისინი დაკითხვაზე დაიბარა. მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელმაც ყუმში მდებარე, ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტს ტერორისტების ქსელი უწოდა.
სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის ან ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
“მონიტორმა” სამირ გ-ს ვინაობის დადგენისა და ოჯახის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით მიმართა: ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია საბერძნეთში მიმდინარე გამოძიებაზე? ჰყავდათ თუ არა კრეტაზე დაკავებული პიროვნება შესწავლილი? და მისი შესაძლო კავშირები ირანის სპეცსამსახურებთან და ე.წ “რელიგიურ-საგანმანათლებლო” ორგანიზაციებთან?
სუს-დან გვიპასუხეს, რომ “თქვენ ითხოვთ სადაზვერვო ინფორმაციას, რაც არასერიოზულია. ისევე როგორც კითხვა იმის შესახებ, რომ საბერძნეთის სამართალდამცველების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, მიმდინარეობს თუ არა ჩვენს მიერ”
ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ “მონიტორს” უთხრა, რომ ის ფაქტი, რომ კრეტაზე დაკავებული სამირ გ, ირანის ქალაქ ყუმში სწავლობდა, “რა თქმა უნდა არის მკაფიო მაგალითი, რომ (ირანის მიერ საქართველოს მოქალაქეების ნაწილის) ინდოქტრინაცია და გამოყენება მიმდინარეობს. დანარჩენი უნდა იცოდეს სპეცსამსახურებმა”.
https://monitori.ge/kretaze-dakavebuli-saqa...nshi-swavlobda/