https://www.bpn.ge/article/153860-seriozuli...sakovani-modis/„გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის, მამაკაცებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობამ პირველად გადააჭარბა 80 წელს,“ - ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ რადიო „პალიტრასა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მოსახლეობის აღწერის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგები.
„საქსტატის“ განახლებული აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8%-ით ანუ 215 777 კაცით მეტია.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% ანუ 2 048 577 ადამიანი - ქალია, ხოლო 48% ანუ 1 881 004 პირი - კაცი.
2024 წლის აღწერის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ ათი წლის განმავლობაში ქალაქის ტიპის მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად - 15,7%-ით არის გაზრდილი, სოფელი კი სულ უფრო ცოტავდება და 2014 -2024 წლებში კლებამ 7,4% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 111 ათასზე მეტი ადამიანია.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს 4 მლნ-მდე მოსახლეობის 62% ანუ 2 442 231 კაცი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 38% ანუ 1 487 350 კაცი სოფლის ტიპის დასახლებებში.
როგორც სოსო არჩვაძემ აღნიშნა, თუ ვნახავთ მოხუცებისა და ბავშვების თანაფარდობას, 2014 წელს ჩატარებული აღწერისა და 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგების მიხედვით, ძალიან დაუახლოვდა ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს.
სტატისტიკოსის შეფასებით, ამის მიზეზია ერთის მხრივ ის, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და მეორეს მხრივ - ნაკლები ბავშვი იბადება ქვეყანაში.
„15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 1.4%-ით არის შემცირებული, ხოლო 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა ამდენჯერვე არის გაზრდილი. მათ შორის თანაფარდობა კრიტიკულად ახლოს არის.
თუ მაგალითად, საუკუნეების მიჯნაზე იყო, რომ 100 ბავშვზე მოდიოდა დაახლოებით 35 ასაკოვანი ადამიანი, წინა აღწერის დროს ეს მაჩვენებელი იყო - 77, 2024 წლის აღწერის მიხედვით კი - 90-ს გადასცილდა. ეს თანაფარდობა დაახლოებით, 2.5-ჯერ უარესია, ვიდრე ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში.
ესეც სერიოზული განგაშის საგანს წარმოადგენს. ერი გაცილებით სწრაფად ბერდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის მედიანური ასაკი, რომელიც შუაზე ყოფს მოსახლეობის რაოდენობას, 31 წლიდან 38 წელზე გავიდა ანუ ერი თითქმის 7 წლით დაბერდა.
ამას ემატება მიგრაციული პროცესებიც, გაცილებით მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის,“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, გასული წელს დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი ნეგატიური ფაქტორი.
„გასულ წელს იყო პირველად მიღწეული დადებითი მიგრაციული სალდო ანუ შემოვიდა მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე გავიდა. მაგრამ, დადებითი სალდოს მქონე ერთ საქართველოს მოქალაქეს მოჰყვა, 7 საქართველოს არამოქალაქე. ანუ მათი რაოდენობა მეტად გაიზარდა.
ბოლო 15-წლიან პერიოდს თუ ავიღებთ, საქართველოს მოქალაქეებს შორის უარყოფითი სალდო გაიზარდა 315 ათასით, ხოლო არამოქალაქეების დადებითი სალდო - 290 ათასით და ეს აისახა მოსახლეობის აღწერის მასალებში. წილობრივად, საქართველოს მოქალაქეების შემცირების ტენდენციაა,“ - აღნიშნა არჩვაძემ.