sulo
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 31242
წევრი No.: 25566
რეგისტრ.: 12-November 06
|
#62684974 · 5 Aug 2026, 15:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2014 წელსაა დაწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია.
ზღაპრისნაირი ტყეს დევები შემოეჩვივნენ. ბრიყვები, გაუმაძღარნი, მაგრამ ძალიან ღონიერები. მოდიოდნენ და ასწლოვან ხეებს თხილის ტოტებივით მოამტვრევდნენ. მათ მადასაც საზღვარი არ ჰქონდა. ყველაფერს პირში იყრიდნენ რაც კი წინ შემოხვდებოდათ: შველს, კურდღელს, პატარა ბარტყებს, გომბეშოსაც კი არ უკადრისობდნენ, თუ ვერაფერს მოიხელთებდნენ მიწას მიადგებოდნენ და პირდაპირ ბელტებად ყლაპავდნენ. მოაოხრეს და მოახრიოკეს ლამის ნახევარი ტყე. ძალიან გაუჭირდა ლომს ბრძოლა. თვითონაც მრავალჯერ დაიჭრა დევებთან ჭიდილში, საუკეთესო მეგობრებიც დაკარგა: ვეფხვები, დათვები, მგლები. არწივები... ბოლოს ტყის საერთო კრების მოწვევა ბრძანა. ამოძვრენ სოროებიდან მიმალული ტურები, კურდღლები, მელიები და მაჩვები. ტოტებზე შემოსხდნენ გუგულები, ბუები და ტყის ქათმები. შეკრებას, გადარჩენილი თითოოროლა ვეფხვი და მგელიც ეწვია. თავს ზევით ძალა აღარ არისო - ბრძანა ლომმა. მარტო ჩვენ დევებს ვეღარ ვუმკლავდებით, ადამიანებს უნდა მივმართოთ დახმარებისთვის. მათ ცეცხლისმფრქვეველი ლულები აქვთ, რომლისაც დევებს ძალიან ეშინიათ, შეგვეშვებიან და გადაიკარგებიან, ეს ტყე მარტო ჩვენი ხომ არ არის, ადამიანებსაც ძალიან ჭირდებათო... აბა აქ ატყდა ამბავი, აკივლდნენ ტურები, აკანკალდნენ კურდღლები, აკრიახდნენ ქათმები - ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენს ღირსებას შეურაცხყოფსო, რაც ჩვენს მამა-პაპას არ უქნია ჩვენც არ ვიზამთო, თავისუფლად ვეღარ ვისუნთქებთო... ბოლოს სიტყვა მელიამ აიღო: - საერთოდ ყველაფერი ლომის და მისი ძმაკაცების ბრალიაო, მაგათ რომ დევებისთვის ბაბაია დაეძახათ ამდენ მსხვერპლს გადავრჩებოდითო, პატარას მიჭამ-მოჭამდნენ და თავის გზაზე წავიდოდნენო. წადით სადაც გინდათ ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებეთ, გამოსავალს თავად მოვნახავთო... რაღა დარჩენოდათ ლომს და მის მეგობრებს, თავი ჩაღუნეს და უხმოდ დაადგენ ადამიანებისკენ მიმავალ ბილიკს. დარჩა ტყე უპატრონოდ, უპატრონოს პატრონი კი მოგეხსენებათ ეშმაკია. ჩაიგდო მელამ ლიდერობა და ახლა მან მოიწვია სართო კრება, პირველი სიტყვაც თვითონვე აიღო - გილოცავთ ძმებო მტარვალის მოშორებას, ატყობთ როგორ თავისუფლად სუნთქავთო? ჩვენი გაჭირვების წამალიც ვიცი და თანაც ძალიან მარტივი. მე ერთ ჯადო-კაცს ვიცნობ, აგერ იმ მთის გადაღმა შუშის კოშკში ცხოვრობს, დიიდი უბედური ვინმეა. ეგ ადრე დევებს კოჭს ეთამაშებოდა და დიდძალი ფულიც მოუგო, მაგან კარგად იცის მათი ენა და ხასიათი. მოდით მოვიწვიოთ მეფეთ, მშვიდობა დამყარდება და ტყეც ისევ აყვავდებაო. მელამ თავისი სიტყვა ტაშში და ოვაციაში დაამთავრა. განსაკუთრებით მუდამ პირდაღებული შოშიები აქტიურობდნენ და ფრთები დაიგლიჯეს ტყლაშა-ტყლუშით, ქოჩორა კურდღელმა გულზე ბურტყლი ამოიგლიჯა სიხარულით - მე პირადად ყოველთვის დიალოგის მომხრე ვიყავიო, ხოლო ყბებჩამოსიებულმა თახვმა, საზეიმო პირობა დადო - დღეიდან მე დავიცავ თქვენს უფლებებს, აბა გაბედოს ვინმემ და რამე გაწყენინოთო, ბუმ კანონთა წიგნის დაწერა დაივალა ბუვიხამ კი ლაშქრის წინამძღოლობა... საერთო მხიარულობაში მხოლოდ ორი ძმა, ათას ტოტზე გადამხტარი ციყვები არ მონაწილეობდნენ. სანამ ესენი ლოზუნგებს ისროდნენ, სასწრაფოდ შეაგროვეს ტყეში, ჯერ კიდევ დარჩენილი, რკო და კაკალი და სადღაც გადაიკარგნენ. დაისვეს მეფედ ჯადო-კაცი, ერთი კვირა ნადიმობდნენ, კვირის ბოლოს კი ნაბახუსევით თავგასიებულებს ისევ დევები დაერივნენ, ვინც კი მოიხელთეს ყველას მუსრი გაავლეს. შეშფთოდნენ ტყიურები, მიადგნენ ჯადო-კაცს - მეფე თუ ხარ გვიშველე რამეო... - კი ბატონო რაზეა ლაპარაკი, ეხლა უკვე გვიანია 10 ხდება უნდა დავიძინო, აი დილით ადრე წავალ დევებთან სალაპარაკოთ, თუ კეთილი სიტყვით შეიგნეს ხომ კარგი, თუ არადა ისე მივჯირყვნი თქვენი მოწონებულიო, უპასუხა ჯადო-კაცმა. მართლაც სისხამ დილით გაუდგა ტყის შეჩვეული დევებისკენ მიმავალ გზას, იმედითა და გულისფანცქალით ელოდნენ ტყის ბინადარნი თავიანთ მეფეს. ის იყო მზე მთის წვერს მოეფარა, რომ ჯადო-კაციც გამოჩნდა, მაგრამ ჰოი საოცრებავ, კოჭლობით მოდიოდა, ძვირფასი სამოსი შემოხეოდა, თვალები დალურჯებული ჰქონდა, ყურები კი გადიდებოდა და დაწითლებოდა. - რა მოგსვლია მეფეო? გადაირიენ ტყიურები, - არა კაცო ისეთი არაფერი, ძალიან შეცვლილან ეს შობელძაღლები, მივედი ერთიორი ანეგდოტი მოვუყევი, არც კი გაიღიმეს, მერე კოჭის თამაში შევთავაზე, მაგაზეც უარი მითხრეს, მოფერებით კი მომეფერენ, მაგრამ დიდი ხელები აქვთ და ვერ მოზომეს, ბოლოს ასე დამაბარეს, ჯერ ის კოჭში მოგებული ფული დააბრუნეო და დღეში 100 სული ცხოველ - ფრინველი თქვენი ნებით ტყის პირას დააწყეთ თორემ მოვალთ და ბოლომდე მუსრს გაგავლებთო... ატყდა ერთი ტირილი და გნიასი, ზოგმა თავზე ნაცარი დაიყარა, ზოგს შიშისაგან ქვეშ გაეპარა, მაგრამ ისევ ჯადო-კაცმა დააწყნარა მგლოვიარენი, - ნუ გეშინიათ კაცო, უკანა გზაზე რომ მოვდიოდი მაგარი რაღაცა მოვიფიქრე და ყველას გიშველით ოღონდ მომენდეთ, მე კარგად ვიცნობ დევების ხასიათს, ეგენი ჭაობს ვერ ეგუებიან, ერთი ჯადო-ჯოხი მაქვს, რასაც შეახებ ყველაფერს უცბად აჭაობებს, ჰოდა მოდით შევუდგეთ საქმეს და დევებსაც მოვიშორებთო... იდეა ყველას მოეწონა. დატრიალდნენ და 3 დღეში, ერთ დროს უსიერი, მოშრიალე ტყე ნაცრისფერ ჭაობად გადააქციეს. აღარც ხე იყო და აღარც ყვავილი, ქვეწარმავლები და უცნაური მწერები მომრავლდნენ. ყველაფერთან ერთად საშინელი სიმყრალის სუნიც დადგა, რომელსაც ვერსად გაექცეოდი. დაიმშნენ ტყიურები, ერთი მწვანე ფოთლის მოსაძებნად მთელი დღე უნდა გევლო. ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ დევებს სწორედაც რომ ყველაზე მეტად ჭაობი ყვარებიათ. მთელი დღეები დადგაფუნობდნენ ყელამდე ტალახში და სიამოვნებით ჭყლოპინებდნენ. ვისაც კი ხელს მოავლებდნენ ეგრევე ხახაში უძახებდნენ. ჯადო- კაცი კი სადღაც გაქრა, ბევრი ეძებეს, მაგრამ მის კვალსაც ვერსად მიაგნეს. მელიასაც ალმაცერად დაუწყეს ყურება, აღარ ჭრიდა - სამაგიეროდ თავისუფლად ვსუნთქავთო... და ჰოი საოცრებავ, ერთ დღესაც დევები სადღაც გადაიკარგნენ, ნელ-ნელა ამოძვრენ ტალახში ჩამალული ტყის ბინადარნი, გაკვირვებულნი იყურებოდნენ აქეთ-იქეთ და ვერა გაეგოთ რა. ამბის გასაგებად კაჭკაჭი გაგზავნეს. ამბავმა კი ყველა გააოცა: აღმოჩნდა, რომ ლომი და მისი მეგობრები ადამიანებს ადამიანურად მიუღიათ, ისინიც გვარიანად შეუწუხებიათ დევების თავგასულობას, აუღიათ თავისი ცეცხლისმფრქვეველი ლულები და ერთობლივი ძალებით მივარდნიან სულთამხუთავებს თავიანთ მამულში, ისეთი დღე დაუყრიათ რომ სხვისი ტყისკენ გახედვა კი არა საკუთარი სახლებიდანაც ვეღარ ბედავენ ცხვირის გამოყოფას. უნადიმიათ გამარჯვებულებს. გაუგიათ რა ადამიანებს, რომ ლომის ლამაზი ტყე ჭაობად უქცევია ვიღაც ჯადო-კაცს, მისთვის და მისი მეგობრებისთვის მადლობის ნიშნად დიდი და უმშვენიერესი ნაკრძალი გადაუციათ საჩუქრად... ყურები ჩამოყარეს პირუტყვებმა, ნაკრძალში მისასვლელი პირი არა ჰქონდათ და არც არავინ შეუშვებდა, ჯადო-კაციც ვეღარ იპოვეს და რომც ეპოვათ მის ჯადო-ჯოხს ჭაობიდან უკან ტყედ ქცევა არც შეეძლო, მელა ? მელა გაპარულიყო და დევებს მიკედლებოდა. შერჩათ ჭაობი და მშიერი კუჭი, მხოლოდ ერთის იმედიღა ასულდგმულებდათ - გულჩვილია ლომი, იქნებდა ოდესღაც მოგვიტევოსო... 2014 facebook
|