აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი განგსტერი, დუეინ "კეფი დი" დევისი, რეპერი ტუპაკ შაკურის 1996 წლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. 63 წლის დევისს შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. სასჯელს სასამართლო ოქტომბერში განსაზღვრავს.
ვერდიქტი ორშაბათს, ლას-ვეგასში, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გამოცხადდა. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად სამ საათზე ნაკლები დასჭირდათ.
პროკურატურის წარმომადგენლებმა ვერდიქტის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს. შაკურის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ კომენტარს სასჯელის განსაზღვრის შემდეგ გააკეთებენ.
პროკურატურის მტკიცებით, დევისმა შაკურისა და "Death Row Records"-ის თანადამფუძნებლის, მარიონ "შუგ" ნაითის წინააღმდეგ შურისძიების მიზნით მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.
1996 წლის 7 სექტემბერს თუფაქი შუგ ნაითთან ერთად ლას-ვეგასში იმყოფებოდა. ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და ერთ-ერთ გზაჯვარედინზე წითელ შუქზე გაჩერდნენ, როდესაც მათ გვერდით კადილაკის მარკის თეთრი მანქანა გაჩერდა. ავტომობილიდან შაკურის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
თუფაქი მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ნაითი ასევე დაიჭრა, თუმცა გადარჩა.
პროკურატურის ინფორმაციით, სროლამდე რამდენიმე საათით ადრე დევისის ძმისშვილი, ორლანდო ანდერსონი, შაკურისა და მისი გარემოცვის წევრებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მოყვა და სცემეს.
პროკურატურის მტკიცებით, ამის შემდეგ დევისმა იარაღი მოიპოვა და შურისძიების მიზნით შაკურისა და ნაითის ძებნა დაიწყო.
მთავარი პროკურორის მოადგილე ბინუ პალალმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ დევისმა იარაღი მოიპოვა და ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ, შაკურის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისკენ წააქეზა.
"ის პასუხისმგებელია ტუპაკ შაკურის მკვლელობაზე." — თქვა პალალმა.
პროკურატურის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დევისის მონათხრობი წლების განმავლობაში იცვლებოდა, სხვადასხვა საჯარო განცხადებაში ის საკუთარ თავს იმ თეთრ კადილაკში მყოფ პირად ასახელებდა, საიდანაც ისროლეს.
პროკურორები არ ამტკიცებდნენ, რომ დევისმა თავად გაისროლა. მათი პოზიცია იყო, რომ მან იარაღი ავტომობილის უკანა სავარძელზე მყოფ პირებს გადასცა და, როგორც დაჯგუფების გავლენიანმა წევრმა, მათ სროლის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა.
დევისის ადვოკატი მაიკლ სანფტი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არ არსებობდა პირდაპირი ფიზიკური მტკიცებულება, რომელიც მას მკვლელობასთან დააკავშირებდა.
დაცვის მხარის მრკიცებით, დევისის საჯარო განცხადებები და მის მიერ თანაავტორობით დაწერილი მემუარები სანდო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა. სანფტის თქმით, დევისი საკუთარ წიგნსა და ინტერვიუებში მოვლენებს განზრახ აზვიადებდა, რათა საკუთარი რეპუტაცია შეექმნა და ფინანსური სარგებელი მიეღო.
"ამ საქმეში არაფერია, რაც მიუთითებს, რომ ეს ადამიანი 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში იყო." — განაცხადა სანფტმა დასკვნით სიტყვაში.
ადვოკატი ასევე ირწმუნებოდა, რომ გამოძიებას არ ჰქონდა ფიზიკური მტკიცებულება, მათ შორის სატელეფონო მონაცემები, რომელიც დაადასტურებდა, რომ დევისი სროლის გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო.
სანფტმა ნაფიც მსაჯულებს ჰკითხა, არსებობდა თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომ დევისს სროლის ბრძანება თავად გაეცა — როგორც მკვლელობამდე, ისე მის შემდეგ.
თუფაქის მკვლელობის საქმეზე წლების განმავლობაში არავის წარდგენია ბრალი. გამოძიებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც დევისმა მკვლელობის შესახებ საჯაროდ დაიწყო საუბარი.
დევისი ადასტურებდა, რომ მკვლელობის დროს თეთრ კადილაკში იჯდა. მისი თქმით, მან იარაღი ავტომობილის უკანა სავარძელზე მყოფ პირებს გადასცა. თუმცა სხვადასხვა ინტერვიუში, ისევე როგორც მის მემუარებში, დევისს არ დაუსახელებია პირი, რომელმაც შაკურს ესროლა. დევისი ასევე ამბობდა, რომ მკვლელობა მისი ძმისშვილის ცემისთვის შურისძიება იყო.
პროკურატურამ სასამართლოზე წარმოადგინა დევისის 2019 წლის მემუარები - "კომპტონის ქუჩის ლეგენდები". პროკურორების განცხადებით, წიგნში მითითებული იყო, რომ ზოგიერთი ფაქტი შეცვლილი იყო, თუმცა დევისის მონათხრობის ძირითადი ნაწილი რეალურ მოვლენებს ასახავდა.
პროკურორმა მარკ დიჯაკომომ ასევე მიუთითა დევისის მიერ შენახულ ალბომზე, რომელშიც შაკურის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები იყო შეგროვებული.
სასამართლომ სულ ბრალდების მხარის 24 და დაცვის მხარის მოწმის 3 ჩვენება მოისმინა. პროცესი ცხრა სასამართლო დღის განმავლობაში გაგრძელდა. ნაფიც მსაჯულთა კოლეგია 16 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის ოთხი სათადარიგო ნაფიცი მსაჯული იყო.
დევისი ოთხი კაციდან ერთადერთია, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის დროს იმ თეთრ კადილაკში იმყოფებოდა და რომელიც ამჟამად ცოცხალია.
პროკურატურამ სასამართლოზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ლოს-ანჯელესში მოქმედ დაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტს.
მოწმეებმა აღწერეს დაპირისპირება Mob Piru-სა და დევისთან დაკავშირებულ Southside Compton Crips-ს შორის, რომელიც თუფაქის მკვლელობამდე პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.
დაჯგუფებების დაპირისპირება ჰიპ-ჰოპის ინდუსტრიაშიც აისახა. Mob Piru დაკავშირებული იყო შუგ ნაითის ხმის ჩამწერ Death Row Records-თან, ხოლო South Side Compton Crips-ის ბანდა — შონ "დიდი" კომბსის ხმისჩამწერ სტუდია Bad Boy Records-თან.
პროკურატურის პოზიციით, ეს კონფლიქტი მნიშვნელოვანი იყო მკვლელობის მოტივისა და იმ გარემოებების გასაგებად, რომლებშიც შაკური მოკლეს.
სასამართლო პროცესზე არაერთხელ განიხილეს ასევე რეპერ კრისტოფერ უოლესის, ცნობილი როგორც The Notorious B.I.G., მკვლელობა.
თუფაქის მკვლელობიდან ექვსი თვის შემდეგ უოლესი ლოს-ანჯელესში მოკლეს. სამართალდამცველთა წარმომადგენლების განცხადებით, დევისი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უოლესის მკვლელობის საქმეშიც განიხილებოდა ეჭვმიტანილად, თუმცა მოგვიანებით მისი კავშირი ამ საქმესთან გამოირიცხა.
უოლესის, იგივე ბიგის, მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.
თუფაქ შაკურის მკვლელობაც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში გამოუძიებელი რჩებოდა. დევისის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ მისი საჯარო განცხადებებისა და გამოძიების მიერ მოპოვებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დაიწყო. ახლა დევისი ამ საქმეზე მსჯავრდებული ერთადერთი პირია.
https://tabula.ge/ge/news/751333-titkmis-30...ein-devisi-2pacმოეტყნა გამზრდელი კეფი დის