mxeci
ბებერი მხეცი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3714
წევრი No.: 3857
რეგისტრ.: 12-December 03
|
#62720708 · 11 Sep 2026, 23:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთ დღესაც გაიღვიძებ გაიანის დედაქალაქ ჯორჯთაუნში და სასტუმროს ფანჯრიდან გაიხედავ. გარეთ აუტანელი სიცხეა. ქუჩაში ადამიანები და მანქანები მონოტონურად მოძრაობენ. შენც შეგიძლია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება. დალიო ყავა, გახვიდე ქალაქში, ვინმეს დაურეკო, რესტორანში ისადილო. მაგრამ გრძნობ, რომ რაღაც გაქრა. თავიდან ვერ მიხვდები, რა. მერე გახსენდება ქვეყანა. ქვეყანა, სადაც დაიბადე, გაიზარდე და სადაც პირველი სიყვარული გეწვია. ქვეყანა, რომელიც გიყვარდა იმ უცნაური, უმიზეზო სიყვარულით, რომლითაც ადამიანს მხოლოდ თავისი ბავშვობის ადგილი შეუძლია უყვარდეს. იქ ყველაფერი შენი იყო. ქუჩები, ხეები, ეზოები, მთები, ხმები. ისინიც კი, რაც არ მოგწონდა. და უცებ... ფუჰ. აღმოაჩენ, რომ ეს ქვეყანა შენთვის აღარ არსებობს. ფორმალურად ყველაფერი ისევ ადგილზეა. სახელი, დროშა, საზღვრები, პარლამენტი, სამინისტროები, ტელევიზიები. ადამიანები ისევ ქართულად ლაპარაკობენ, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ როგორ უნდა დაკარგო ქვეყანა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ არსებობს? და რა არსებობს? სახელი. ტერიტორია. და ხელისუფლება, ჰალიუტერების ხროვა, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებს იმ სახელმწიფოებრიობის ნიშნებსაც კი, რაც ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ შემორჩა. აქ პოლიტიკა უკვე მხოლოდ პოლიტიკა აღარ არის. რადგან ხელისუფლება შენსა და საკუთარ ქვეყანას შორის დგას. ემიგრაცია უბრალოდ წასვლა არ არის. როცა ქვეყანას ტოვებ, გჯერა, რომ სადღაც არსებობს ადგილი, სადაც შეგიძლია დაბრუნდე. მაგრამ თუ დაბრუნების ადგილი აღარ არსებობს? მაშინ წასვლა აღარ არის წასვლა. ადამიანს აწმყოში უწევს ცხოვრება. აწმყო გეუბნება: ის ქვეყანა ჯერ კიდევ არსებობს. ტყუილია. შენ ეს იცი. შეიძლება რუკაზე აჩვენო მისი ტერიტორია. შეიძლება მისი სახელი წარმოთქვა. მაგრამ ქვეყანა მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის. ის არის რწმენა, რომ შენი ბავშვობის მოგონებებს ჯერ კიდევ აქვთ ადგილი ამ სამყაროში და რომ ოდესმე დაბრუნებისას იქ რაღაც მაინც გიცნობს. სწორედ ეს ქრება. შეგიძლია იმავე აეროპორტში ჩაფრინდე, გაიარო იგივე ქუჩები, ნახო იგივე მთები, შეხვდე იმავე ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს. მაგრამ დაბრუნება საზღვრის გადაკვეთა არ არის. დაბრუნება ნიშნავს, რომ წარსულსა და აწმყოს შორის კავშირი ჯერ კიდევ არსებობს. როცა ეს კავშირი წყდება, ადამიანი შეიძლება ფიზიკურად დაბრუნდეს და მაინც უცხოდ დარჩეს. ალბათ ამიტომ არის სიტყვა „ოკუპაცია“ ასეთი მძიმე. ოკუპაცია მხოლოდ ტერიტორიის დაკავება არ არის. ის ადგილის მნიშვნელობის შეცვლაც არის. ადგილი, რომელიც შენთვის სახლს ნიშნავდა, შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც საკუთარ თავს ვეღარ ხედავ. შენ ქვეყანას კი არ ტოვებ. ტოვებ მის ახალ მდგომარეობას. და ეს უფრო სასტიკია, რადგან არ წასულხარ იმიტომ, რომ აღარ გიყვარდა. პირიქით. შეიძლება სწორედ იმიტომ წახვედი, რომ ძალიან გიყვარდა და ვეღარ უყურებდი იმას, როგორ იცვლებოდა ის შენს თვალწინ. ადამიანი ზოგჯერ საკუთარი თავის გადასარჩენად ტოვებს იმას, რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად სტკივა. შემდეგ კი უცხო ქვეყანაში ცხოვრობს და საკუთარ თავში ინახავს იმ ქვეყანას, რომელიც მისთვის შინ აღარ არის. ჯორჯთაუნში მზე ისევ ამოვა. ქუჩები ისევ გაივსება ადამიანებით. შენც გააგრძელებ ცხოვრებას. მაგრამ შენს შიგნით დარჩება ადგილი, რომელსაც მხოლოდ წარსულ დროში შეგიძლია უწოდო სამშობლო. და ბოლოს ხვდები: ქვეყანა შეიძლება რუკაზე არსებობდეს და მაინც დაკარგული იყოს. შენ შეგიძლია გიყვარდეს ის და მაინც ვეღარ დაბრუნდე. დარჩა მეხსიერება. დარჩა სახელი. დარჩა ტერიტორია. და რუსული ხელისუფლება, რომელიც ამ ტერიტორიას ჯერ კიდევ მართავს. ჯერ კიდევ.
--------------------
ჩემო ქიმიურო ძმაო..
|