IPN.GE | საზოგადოება
17.09.2026 / 15:42
ქართულ გამოთქმას — „ხელზე არ დაიხვიოთ“, შესაძლოა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა ქართული ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშის — „ხელზე არ დაიხვიოთ“ ძეგლთა ნუსხაში შეტანას მხარი პირველი კენჭისყრით დაუჭირა.
დოკუმენტაცია საბოლოო ხელმოწერისთვის უკვე გადაეგზავნა ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს.
საუბარია ქართულ ყოფა-ცხოვრებასა და დაკრძალვის რიტუალში დამკვიდრებულ უნიკალურ გაფრთხილებაზე, რომელიც სასაფლაოზე, კუბოს თოკებით მიწაში ჩაშვების პროცესში წარმოიშვა და დროთა განმავლობაში სიფრთხილის, წინდახედულებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის საყოველთაო სიმბოლოდ იქცა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ აღნიშნულ საკითხზე მრავალთვიანი, ინტენსიური სამუშაოები გასწია. სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა საერთაშორისო კომისიას დეტალური ეთნოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევა წარუდგინა, რითაც იუნესკოს შემფასებელთა კომიტეტი სრულად დაარწმუნა ამ ფენომენის დაცვისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის აუცილებლობაში.
კომიტეტის შეფასებით, ფრაზა ასახავს ერის თვითმყოფად გამოცდილებას, სოლიდარობასა და კრიტიკულ მომენტებში უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებულ წესს.
დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერისა და რატიფიცირების პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც ქართული გამოთქმა საერთაშორისო დაცვის გარანტიას ოფიციალურად მიიღებს.
This post has been edited by SPLIYVI on 17 Sep 2026, 23:18