იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო "ჰაიატ რიჯენსი" განთავსდება
13:44 16-03-2015
იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო "ჰაიატ რიჯენსი" განთავსდება ჰაიატის კორპორაციამ და შპს "რუსთაველი ფროფერთიმ", თბილისში, სასტუმრო "ჰაიატ რიჯენსის" (Hyatt Regency) მართვის შესახებ ხელშეკრულება დადეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს რუსთაველი ფროფერთი/ლოიალ კაპიტალ გრუპიდან და ჰაიატ - ევროპა, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთიდან აცნობეს,
სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს დასრულება 2017 წელს არის დაგეგმილი.
ჰაიატის ევროპა, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთის უფროსი ვიცე პრეზიდენტის, პიტერ ნორმანის განცხადებით, პროექტი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობას თანამედროვე, უმაღლესი კლასის სასტუმროდ გარდაქმნიან.
"მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ეს თვალსაჩინო ძეგლი შევმატოთ ჩვენს პორთფელს და კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჰაიატის ქსელი ევროპაში. პროექტი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ შუაგულ თბილისში არსებული, არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობას გარდავქმნით თანამედროვე, უმაღლესი კლასის სასტუმროდ. მოუთმენლად ველით საქართველოს დედაქალაქში სასტუმრო "ჰაიატ რიჯენსის" გახსნას, რომლის მთავარი დანიშნულებაა სტუმრებს დასვენებისათვის სასიამოვნო გარემო, დაუვიწყარი კულინარიული გამოცდილება და უმაღლესი კლასის შეხვედრების დარბაზები შესთავაზოს", - აღნიშნა პიტერ ნორმანმა.
სასტუმრო ჰაიატ რიჯენსი თბილისი, განთავსებული იქნება დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, რუსთაველის გამზირზე. ექნება 170 ნომერი, შეხვედრების რამდენიმე დარბაზი, (საბანკეტო დარბაზის ჩათვლით,) ოთხი რესტორანი, სპა და ფიტნეს ცენტრი.
შპს "რუსთაველი ფროფერთის" დამფუძნებელის, რომან ფიფიას განცხადებით, მათთვის დიდი პრივილეგიაა ჰაიატთან ერთად მუშაობა.
"ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა ჰაიატთან ერთად მუშაობა, ამ განსაკუთრებულ და ღირებულ პროექტზე. დიდი პატივია იყო პასუხისმგებელი ასეთი მნიშვნელოვანი შენობის გარდაქმნაზე. მოუთმენლად ველოდებით სასტუმროს დასრულებას და გახსნას", - აღნიშნა რომან ფიფიამ.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰაიატ რიჯენსის ქსელი 150-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს. მათ შორის, 29 სასტუმრო ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ დასავლეთ აზიის ისეთ ქალაქებშია განთავსებული, როგორიცაა ბერლინი, დელი, დუბაი, ლონდონი და პარიზი. "სულ მალე, ჰაიატ რიჯენსი თბილისი, ამ დიდი და მნიშვნელოვანი ოჯახის ღირსეული წევრი გახდება", - აცხადებენ კომპანიები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...nthavsdeba.htmlზღარბი ან ყვარყვარე მიაწერეთ სიას