მამუკა არეშიძე: სააკაშვილი მარტივად არ მოეშვება უკრაინას და რევანშის აღებას შეეცდებაექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის უკვე ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მარტივად არ მოეშვება. მისი განცხადებით, სააკაშვილი რევანშის აღებას აუცილებლად შეეცდება.
როგორც მამუკა არეშეძემ news.ge-ს განუცხადა, მისი ვარაუდით, სააკაშვილი ახლო მომავალში, დასავლურ წრეებში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების დისკრედიტაციით იქნება დაკავებული.
„ერთი მხრივ, სააკაშვილმა გადაწყვიტა, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს და მეორე მხრივ პოროშენკომაც უბიძგა, რომ მას ეს დაგადწყვეტილება მიეღო. სააკაშვილმა უაღრესად დაძაბული ვითარება შექმნა მთლიანად უკრაინაში. ერთი მხრივ, მართალი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იმ დონის კორუფციასთან, რაც უკრაინაშია, მართლაც სერიოზული ბრძოლაა საჭირო, და არა ისეთი, როგორსაც პოროშენკოს ადმინისტრაცია ახორციელებდა. მაგრამ მეორე მხრივ, როგორც სჩვევია ხოლმე, თვითონ შექმნა კორუფციული ფონი ოდესის პორტის გარშემო.
მინდა, თვითონ პოროშენკოს ფიგურას შევეხო: ჩემთვის წარმოუდგენელია, ერთი ქვეყანა მეორესთან პრაქტიკულად ომს აწარმოებდეს და დაჩაგრული ქვეყნის პრეზიდენტის ბიზნესის 23 პროცენტი იყოს მტერი ქვეყნის ტერიტორიაზე. პოროშენკოს ბიზნესის 23 პროცენტი არის რუსეთის ტერიტორიაზე და არამხოლოდ ტკბილეულის ქარხნები, მაგალითად კალუგაში. ახლა აღმოჩნდა, რომ ჩერნობილიდან გამოტანილი ლითონის ბიზნესი ჰქონიათ მისი ოჯახის წევრებს და ამ ჯართის ბიზნესის მთავარი მისამართი არის ზუსტად რუსეთი, იქ გადის ეს ლითონი", - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, პოროშენკო და მისი ოჯახი საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში, უკრაინელი ჩინოვნიკები კი კორუფციაში არიან გახვეული.
„მით უმეტეს, ახლა გამოქვეყნდა მათი [უკრაინელი ჩინოვნიკების] დეკლარაციები. იქ კარგად გამოჩნდა, რომ პოროშენკოს გარემოცვა და არამხოლოდ ისინი, უკრანის პოლიტიკური ელიტის 80 პროცენტი სერიოზულ კორუფციულ ჭაობშია. ამას სააკაშვილი ძალიან კარგად იყენებდა პოპულისტური თვალსაზრისით და მომავალშიც გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა დაპირისპირება იულია ტიმოშენკოსთან, ცოტა ხანში ისინი ისევ მოკავშირეები აღმოჩნდებიან პოროშენკოსთან ბრძოლაში.
თუ ვინმეს ჰგონია რომ სააკაშვილი ასე მარტივად მიატოვებს უკრაინას, ძალიან ცდება. არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს. რაც ლითონთან დაკავშირებით ვახსენე, ტიმოშენკომ უკვე დაიწყო ის ბრძოლა, ახლა სააკაშვილი ჩაერთვება მასში. თუ აქამდე სააკაშვილი დელიკატურად იქცეოდა და პოროშენკოს წინააღმდეგ ბევრს არაფერს ამბობდა, ახლა ილაპარაკებს ყველაფერს, რაც იცის", - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, ოდესის პოლიციის ყოფილი უფროსის გიორგი ლორთქიფანიძის თანამდებობიდან გადადგომასა და სააკაშვილის გადადგომას შორის პირდაპირი კავშირია.
„დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილმა იცოდა იმ ზეწოლის თაობაზე, რომელიც ლორთქიფანიძეს ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ასეთი ზეწოლა ნამდვილად იყო. რასაკვირველია, ის დადგმულია, რომ ჯერ ლორთქიფანიძე გადადგა და ვითომ ამან გამოიწვია სააკაშვილის გაღიზიანება. სააკაშვილი მარტივად არ მოეშვება უკრაინას, აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას", - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, სააკაშვილს უკრაინაში პარტიის შესაქმნელად გარკვეული მონახაზი უკვე ჰქონდა და ახლა ამ მიმართულებით უფრო ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს. არეშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი რევანშის აღებას აუცილებლად შეეცდება.
„აუცილებლად შეეცდება, რომ რევანში აიღოს. კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსს მინდა გავუსვა ხაზი: სააკაშვილი ისე არ გადადაგამდა ამ ნაბიჯს, ზოგიერთი დასავლური პოლიტიკური წრეებიდან მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს. სკანდალების სერია უკრაინაში გაგრძელდება. ფიზიკურად დარჩება თუ არა სააკაშვილი უკრაინაში, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იყოს, უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრები იქნება მისი პოლიტიკის ერთერთი უმთავრესი ნაწილი. სააკაშვილი უკრაინაში ეკონომიკური რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელია და ჯერ არ გამიგია, რომ იმ საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადამდგარიყო. მართალია, საზოგადოებრივი საბჭოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უკრაინის დასავლელი პარტნიორების ხელდასმითაა შექმნილი.
მთავარი ისაა, რომ პოროშენკომ ახალი, ძალიან სერიოზული თავის ტკივილი გაიჩინა და შესაბამისად, უახლოეს პერსპექტივაში, სააკაშვილი იქნება ამ თემით ძალიან აქტიურად დაკავებული – პოროშენკოს ხელისუფლების მაქსიმალური დისკრედიტაციით. ვიღაც იტყვის, რომ ამით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს თეზისიც შეიძლება იყოს მიღებული, მაგრამ სააკაშვილმა ასე იცის, თუ პირადი მტერი გაიჩინა, მაქსიმალურად შეეცდება მას ამ კორუფციული თემით შეუტიოს. ივანიშვილთან ეს კორუფციული თემა არ ჰქონდა, ბუნებაში არ არსებობს ეს მოვლენა, თორემ ამას აუცილებლად გამოიყენებდა", - ამბობს არეშიძე.
მისი ვარაუდით, სააკაშვილი მასზე უკრანაში განხორციელებულ ზეწოლას ნაწილობრივ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს დააბრალებს. „აუცილებლად იტყვის ასეთ რამეს", - აღნიშნავს არეშიძე. "მისი მთავარი დროშა იქნება კორუფციის წინააღდმეგ ბრძოლა უკრაინაში, რომ თითქოს „ამაში ქართველი ოლიგარქი არის ჩართული".
„სააკაშვილი არის ფიგურა, რომელსაც შეუძლია სკანდალი შექმნას და საერთაშორისო სივრცეშია გასული ამ თვალსაზრისით. ყველამ ხომ არ იცის რეალურად რა ხდებოდა საქართველოში, ან რა ხდება ახლა უკრაინაში. სააკაშვილს შეუძლია, შექმნას ბუზიდან სპილო, მით უმეტეს მაშინ როდესაც უკრაინაში ამის საბაბი აქვს. ახლა მთელ მსოფლიოში ილაპარაკებს, რომ დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას და არა პოროშენკოს ხელისუფლებას, რომ ისაა კორუმპირებული და მოღალატე", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
http://news.ge/ge/news/story/199626-mamuka...ebas-sheetsdeba
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo