ხინკალი შედგება 2 კომპონენტისგან. ცომი და შიგთავსი
ცომისთვის გჭირდება ფქვილი, წყალი და მარილი.
პროპორციებს რაც შეეხება ჩემი მეუღლე 1 კგ ფარშზე იღებს ხოლმე 2 კგ ფქვილს, მარტო კი არ ზელს, საფანელადაც ხმარობს, თუმცა როგორც წესი ცოტა რჩება ხოლმე გუნდიდან. მაგრამ ჯობია ცოტა მოგრჩეს ვიდრე დაგაკლდეს. მოზელვას 2კგთი ნუ დაიწყებ, გადადე ცალკე საფანელად (მოჭრილის გაბრტყელებისას რო არ დაეკრას, მოხვეულს რომ გადადებ არ დაეკრას და ა.შ) რაც დაგჭირდება ალბათ 300 გრამი და დანარჩენი მოზილე
რაც შეეხება წყალს აქ განსხვავებაა ზოგი ცხელი წყლით ზელს ცომს, ზოგი ცივი, ზოგი თბილი. ჩვენ მაგალითად ოთახის ტემპერატურის/ნელ თბილი წყლით ვზელთ.
ასევე მარილსაც ზოგი წყალშივე უშვრება, ზოგი ფქვილს აყრის, ესეც შენი ნება. წყალში გახსნილი ალბათ ჯობია მაინც.
მოზელის ტექნიკას რაც შეეხება წყალს ასხამ ნელ ნელა, ბევრი არ უნდა დაასხა თორემ მერე მოგიწევს ფქვილის დამატება და დამატება, გაგიბევრდება, ამიტომ ნელ ნელა ამატებ. წყლის ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვი, ეს შენ თვითონ უნდა იგრძნო. შეატყობ ცომს რაც ჭირდება, სველი, წყლიანი ცომი არ უნდა იყოს.
უნდა ზილო დიდი ხანი, ბევრჯერ და ბევრჯერ, კიდე და კიდე. ხინკლის ცომი უნდა იყოს მაგარი, რომ ხინკალი არ ჩაიშალოს.მთავარი ესაა რომ ცომი უნდა იყოს მაგარი!
როცა მორჩები ამ საქმეს. ე.წ ჩაის ტილოს გადააფარებ და დადგამ რამდენიმე წუთით რომ ცომმა "დაისვენოს".
აქვე გეტყვი რომ ამ ცომს რაც უფრო ხშირად გადაზელავ კეთების პროცესში ცომი უფრო პრიალა გამოგივა.
დასვენების პროცესში დაიწყებ ფარშის შენელებას. ხინკალი ზოგადად ბევრნაირი შიგთავსით არსებობს: ცხვარი ნამდვილი მთის, ღორი ე.წ კახური, მარტო ძროხა მაგალითად ორსულებისთვის და ა.შ
კლასიკურ, ოჯახურვარიანტში გვაქვს შერეული ღორი და ძროხა. მე ესე ვამჯობინებ რომ მსუქანი იყოს ღორის. ზოგადად მსუქანი არის აუცილებელი, ეს უკეთებს ხინკალს წვენს და არა წყალი.
მოკლედ ვიღებთ შერეულ ფარშს 1კგ-ზე შემადგენლობას მე ასე ვარჩევ ხოლმე 70% ძროხა, 30% ღორი, ან 60-40%.
აქაც იწყება ვარიაცები. ზოგი რას ამატებს გულში ზოგი რას. მე გეტყვი რაც აუცილებელია.
ხახვი აუცილებლად, 1 კგ-ზე 3 ცალი ნორმალური ზომის, წვრილად გახეხილი. მე ვაბლენდერებ
სიცხარისთვის რაიმე ეს შეიძლება იყოს წითელი დაფქვილი წიწაკა/როცა სეზონია ხოლმე მე მწვანე ცხარე წიწაკას ვაბლენდერებ ხახვთან ერთად
მარილი
შერეული ფარში, ხახვი, წიწაკა, მარილი არის ხინკალ კლასიკის გულსართი ოჯახურ პირობებში (მე ცოტა შავ პილპილსაც ვაყრი ხოლმე არომატისთვის )
----------------
აი მერე რაც შენ გინდა ის დაამატე თუ მაინცდამაინც გინდა.
ზოგი ამატებს მწვანილებს
ზოგი სუნელებს ოღონდ აქედან 1 უნდა აარჩიო

კვლიავი/მთის ქონდარი, ძირა, მინახავს ხმელი რეჰანი.
მოკლედ ხინკალ კლასიკი გაქვს და დანარჩენი შენი ფანტაზიის ნაყოფია
ფარშს რომ შეანელებ უნდა დაასხა თბილი წყალი, წვენს გააბევრებს, მაგრამ დამიჯერე რამდენი წყალიც არ უნდა ასხა ფარში თუ ცხიმიანი არაა ვერ უშველის. წყალი ბევრიც რომ ასხა შეიწოვს მაგრამ გახსოვდეს რომ რაც მეტ წყალს დაასხამ მოხვევა მით უფრო რთული იქნება და ამას პლიუს რაც შეიძლება მალე უნდა მოხარშო თორემ ვთქვათ 1 საათით რომ გააჩერო მაცივარში სავარაუდოდ წვენი გამოუვა ხინკალს.
მოკლედ წყალიც ზომიერად.
მერე მოდის ტექნიკის საქმე ამას აქედან ვერ გასწავლი

))
დასვენებული ცომის გუნდებად დაყოფა, გაბრტყელება, მოჭრა რა ზომაზეც გინდა (სპეც საჭრელით ან სხვადასხვა ჭიკით), გაბტყელება, მოხვევა.
ხო ისე იცოდე 1კგ ფარშიდან გამოდის სხვადასხვა რაოდენობის ხინკალი.უხეშად რომ გითხრა 60+- 5... ზომების მიხედვით
მოხარშვას რაც შეეხება, ადუღებული მარილიანი წყალი. ესეც იცოდე ხინკლის პირველი მტერი (რომ ჩაიშალოს) არის ცომი რა თქმა უნდა და მეორე არის დიდი ხანი გაჩერება ამოდუღებამდე. ანუ ხინკალს რომ ჩაყრი იმდენი არ უნდა ჩაყარო რომ არ ამოდუღდეს დიდი ხანი. ქალაქის პირობებში ამას კონტროლი უნდა იმიტომ რომ გაზი ვერ ქაჩავს კარგად ამიტომ რაოდენობა და გაზის წნევა გააკონტროლე. ნუ ქვაბიც უნდა იცოდე რამდენს ხარშავს,ეს გამოცდილებით უკვე. თორე ხარშვისას იბერება და ამოვა მაღლა ადგილი არ ეყოფა გაგაწამებს.
პაპა რო ხარშავდა ხოლმე ხინკალს ცეცხლზე ისე აკეთებდა რომ 70 ხინკალი რო ჩაგეყარა 1 წამით არ გააჩერებდა დუღილს, ეგ იყო დონე.
მოკლედ აადუღებ საჭირო რაოდენობის წყალს, ჩააყრი მარილს, ჩაყრი ხინკალს.ქვაბს დაატრიალებ რომ არ დაიკრას, ქვაბიც მნიშვნელოვანია როგორ აგიხსნა, კარგი ქვაბი უნდა იყოს

მორევა არ შეიძლება მაგრამ თუუუუუ მაინცდამაინც მხოლოდ ხის კოვზით ან ქაფქირით ) რკინა ეზიზღება ხინკალს.
ნუ შემდეგაც დაატრიალე რამდენჯერმე სანამ ამოდუღდება
რომ ამოდუღდება შემდეგ ზოგი ზეპირად ხვდება, ზოგი დროს ინიშნავს, მე პირადად დროს ვინიშნავ. ამოდუღებიდან ვადუღებ 8-10 წუთს, ხასიათს გააჩნია

)) ზოგმა იცის რომ დაიბერება ამოვა და მერე ისევ ჩავა ეგააო.
ამოღებისას შეგიძლია 1 ჭიქა ცივი წყალი მოასხა არ დაეკრობა ერთმანეთს, ამოიღებ გაშლილ სინზე ან ხის ტაბაკზე. პილპილი, არაყი, 2 შეკვრა ხელსახოცი და ეგაა

))